თავში

პატარა ანიტას მდგომარეობა დამძიმდა

პატარა ანიტას მდგომარეობა დამძიმდა
პატარა ანიტას მდგომარეობა დამძიმდა

ორი წლის ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პატარას გულის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოჯახი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. საქმე იმაშია, რომ ანიტას ოჯახი ცოტა ხნის წინ ავსტრიაში წავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო, რათა ანიტას ადგილზე სამედიცინო მომსახურება მიეღო. საბოლოოდ გაირკვა, რომ გულის გადანერგვის ოპერაციისთვის მოქალაქის სტატუსია საჭირო, რაზეც ოჯახმა ავსტრიისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ მათ იტალიის ერთ-ერთი კლინიკა მოიძიეს, რომელიც მზად არის, გოგონას ურთულესი ოპერაცია გაუკეთოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას ლტოლვილის სტატუსი მოეხსნება. სწორედ დეპორტირების გარეშე ლტოლვილის სტატუსის მოხსნაში სთხოვს დახმარებას ოჯახი საქართველოს მთავრობას. 2 წლის გოგონას ბებია ამბობს, რომ დილატაციური კარდიომიოპათით დაავადებული ანიტა ხანგრძლივ ფრენას ვერ გადაიტანს.

„საქართველოში როგორც კი გვითხრეს, რომ ბავშვი სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ საზღვარგარეთ და მიხედოთ, იმ ეტაპზე ეს თანხა არ გვქონდა ფიზიკურად, ამიტომ მოვიფიქრეთ სწრაფი გზა ლტოლვილად ჩაბარების. მშობლები ბავშვთან ერთად ლტოლვილად ჩაბარდნენ ავსტრიაში. თურმე იქ ახალი რეგულაციებია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მსგავსი სირთულის სამედიცინო პროცედურები არ უტარდება უბრალოდ, ბავშვს უტარებენ ელემენტარულ მკურნალობას, რომელიც არ არის საკმარისი მისი გადარჩენისთვის. ბავშვი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ ავსტრია გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ ჩაგიტარებთ ოპერაციასო. მოვიძიეთ იტალიაში კლინიკა, სადაც ეს ყველაფერი ჩაუტარდება. კლინიკა თანახმაა ბავშვის მიღებაზე იმ შემთვევაში, თუ ლტოლვილის სტატუსი მოეხსნება ოჯახს. ახლა სასწრაფოდ გვჭირდება, რომ ავსტრიამ მოხსნას ლტოლვილის სტატუსი, რომ დეპორტი არ გააკეთოს. თუ გაკეთდა დეპორტი, ფრენას ვერ გადაიტანს ეს ბავშვი. მოთხოვნა ის არის, რომ იქნებ ვიღაცამ, პრემიერი იქნება თუ ნებისმიერი უწყება, ოპერატიულად სხვანაირად ჩაერთოს. დაგვეხმარონ როგორმე გადავიდეს ეს ბავშვი იტალიის კლინიკაში. თანხა მობილიზებულია. არაბუნებრივი დახმარება გაგვიწია ქართველმა მოსახლეობამ და ძალიან დიდი სოლიდური თანხმა დაგროვდა. თუ ვინმეს შეუძლია საქართველოში დახმარება, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ“, – აცხადებს ანიტას ბებია თამუნა გლურჯიძე და აღნიშნა, რომ ფეისბუქპოსტის გამოქვეყნების შემდეგ პრემიერის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და დახმარებას დაპირდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system