თავში

პროკურატურა სახალხო დამცველს პასუხობს

პროკურატურა სახალხო დამცველს პასუხობს
პროკურატურა სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის აპარატი საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობას ითხოვს. 

უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კანონის შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო წესით ითხოვდა ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას. სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას. ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს”,– ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, საგამონაკლისო წესით დაეშვათ სახალხო დამცველის აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული, თამთა თოდაძე კი პროკურატურის მიერ დაზარალებულადაა ცნობილი. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. 

სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. მან უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system