თავში

შესაძლოა, გადაწყვეტილება შევცვალოთ - ტიკარაძე

შესაძლოა, გადაწყვეტილება შევცვალოთ - ტიკარაძე
შესაძლოა, გადაწყვეტილება შევცვალოთ - ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდგადატანილების მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიცვალოს. მისი განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება.

"ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმას და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. დავაკვირდებით ამ პროცესს და გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება.

კოვდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი, თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი ან რა რაოდენობის ანტისხეულები შეიძლება მივიჩნიოთ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ აქვთ. 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჩვენ დაველოდოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოიპოვებს, ასევე იმ ექსპერტებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. თუ მათი მხრიდან იქნება გარკვეული რეგულაციები და ასევე ნიშნული, რა ვადა შეიძლება განისაზღვროს მწვანე სტატუსისთვის, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი 6 თვის ნაცვლად, უვადოდ მიენიჭებათ.

ნახეთ, ვის მიენიჭება "მწვანე სტატუსი" და სად მოგიწევთ "მწვანე პასპორტის" წარდგენა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია Georgia e-Health დღეიდან ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში.

აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ეს ობიექტებია: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ბიზნესის ობიექტები და ა.შ.

საკოორდინციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებისთვის 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge.

საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც იუსტიციის სახლებში კოვიდბარაათები 16 ნოემბრამდე აქვთ აღებულია, მათი განახლება მოუწევთ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ყველა პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს.

ნახეთ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე ვეღარ შეხვალთ.

ვრცლად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს გაეცანით ბმულზე.

რას ნიშნავს მწვანე სტატუსი და სად მოგთხოვენ მწვანე პასპორტს - ნახეთ NCDC-ის ვიდეორგოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system