თავში

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა

ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ნათლად დავინახეთ, რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციური კლინიკის შენობის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყების ჩართულობით კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ამ შენობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ადრე წამოწყებულ მშენებლობაზე, უკვე ორი თვეა, კომუნიკაცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტრო არის პირადად ჩართული ამ პროცესში. ასევე, ჩვენ, როგორც მედიატორი, ისე ვშუამდგომლობთ ინფექციურ საავადმყოფოსა და „ავერსის“ კლინიკასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ინფექციური საავადმყოფოს მხარდაჭერა, ვინაიდან ნათლად დავინახეთ, რა როლი უკავია მას საქართველოს ჯანდაცვაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღნიშნულ საკითხზე დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა, რომელსაც სახელმწიფო სხვა დანიშნულებით აშენებდა. მისი თქმით, აღნიშნული შენობა ინფექციურ კლინიკას გადაეცემა და ამაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. 

ცნობისთვის, 3 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მთლიანი ტერიტორიის მფლობელი 2009 წლიდან დღემდე არის „ავერსი ფარმა“, რომელიც კლინიკას უკღრძალავს ნებისმიერი სამუშაოს განხორციელებას. ცერცვაძემ კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელს მოუწოდა, ერთი წლით მაინც გაუფორმოს ინფექციურ საავადმყოფოს იჯარის ხელშეკრულება და მისცეს შენობის გარემონტების საშუალება.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, მას გასული წლის 30 დეკემბერს ჰქონდა პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრა, რომელმაც აჩვენა 11-სართულიანი შენობის, სამედიცინო ინოვაციების ცენტრის ესკიზები. ცერცვაძის თქმით, გახარიამ უთხრა, რომ უახლოეს დროში მოგვარდება აღნიშნული შენობის შესყიდვის საკითხი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system