თავში

WHO-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის

WHO-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის
WHO-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის

ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, რაც გულისხმობს მათი ლაბორატორიების, ჯანდაცვის დაწესებულებების, მედპერსონალის პოტენციალის, აეროპორტებისა და პორტების შემოწმებას – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

დომენტეს თქმით გუშინ, ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც კორონავირუსზე იმსჯელეს, თუმცა, მისივე განმარტებით, მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა დასკვნების გასაკეთებლად, რის გამოც კომიტეტი დღეს კიდევ ერთ სხდომას გამართავს. 

„სხდომის მიზანი იყო სიტუაციის გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ანგარიშები, ასევე მიიღეს ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებისგან და სხვა ქვეყნების მთავრობებისგან, სადაც ვირუსი გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩინეთში განაგრძობს ადგილზე მუშაობას. სამწუხაროდ, გუშინ მიღებული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. საჭიროა დამატებითი ინფორმაცია და ის გროვდება. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტი დღეს კვლავ გამართავს სხდომას მიღებული დამატებითი ინფორმაციის გასაანალიზებლად. შესაძლოა, დღეს ჩვენ გვქონდეს საბოლოო გადაწყვეტილება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის პნევმონიით, 2019-nCoV-ით, გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 9-ს მიაღწია.

ახალი ტიპის ვირუსით დაავადების 17 შემთხვევა გამოვლინდა გუანდუნის პროვინციაში, 10 - პეკინში, 6 შანხაიში და 5-5 ჩჟეცზიანსა და ჩუნციანში.

ასევე, პნევმონიის ახალი ტიპის, კორონავირუსის შემთხვევა ჩინეთის ავტონომიურ ერთეულ მაკაოშიც დაფიქსირდა. რეგიონის ადმინისტრაციამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. პაციენტმა, რომელსაც გართულების სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებოდა, საავადმყოფოს მიმართა.

ახალი ტიპის პნევმონია ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system