თავში

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება - Moody's

2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება - Moody's
2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება - Moody's

დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურია”.

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი.

Moody’s-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ ისეთი რეფორმების ჩატარება, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემის რეფორმირება, პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება. ასევე შემცირებაა ნავარაუდევი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც, რაც მომდევნო პერიოდში პანდემიამდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ინფლაციის მხრივ კი Moody’s-ი ეთანხმება ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ ამჟამად მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია (12.8%) 2022 წლიდან მის სამიზნე მაჩვენებელს 3%-ს დაუბრუნდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინს “სტაბილურად” აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლები გაუარესდება და გაიზრდება საგარეო მოწყვლადობა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურისკენ” შეიძლება გადაიხედოს.

რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მათ შორის ხაზგასმულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის ე.წ. “შარლ მიშელის” შეთანხმების ანულირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system