თავში

2022 წელს ლარი დოლართან 10%-ით გაუფასურდება - სებ-ის პესიმისტური სცენარი

2022 წელს ლარი დოლართან 10%-ით გაუფასურდება - სებ-ის პესიმისტური სცენ
2022 წელს ლარი დოლართან 10%-ით გაუფასურდება - სებ-ის პესიმისტური სცენარი

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. 

საბაზო პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის მორიგი ტალღისა, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა 2021-2022 წლებში კვლავ მაღალი ტემპით გრძელდება. ამასთან, საბაზო სცენარი მიმდინარე წელს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი სასაქონლო ფასებითაა განპირობებული. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ეტაპობრივად მიზნობრივ, 3-პროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დაშვებულზე მაღალი ვაქცინაციის ტემპებს და ვირუსის მართვის გაუმჯობესებულ მეთოდებს ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითი გავლენა ექნება. გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, სამუშაო ძალის აღდგენას დააჩქარებს, განსაკუთრებით მაღალკონტაქტურ ინდუსტრიებში, რომლებმაც პანდემიის პირობებში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღეს. აღნიშნულ სცენარში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფონზე, 2022 წელს საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენის შედეგად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, როგორც ეფექტური, ასევე აშშ დოლართან, გამყარდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ოპტიმისუტ მაკროეკონომიკურ სცენარში.

პესიმისტურ სცენარის თანახმად, როგორც გლობალურად, ასევე ქვეყნის შიგნით, COVID-19 პანდემიის კონტროლს დაქვემდებარება მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანია. ამასთან, პესიმისტური სცენარის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში მაღალი ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის მიმართ გაურკვევლობა წარმოიქმნება. ეს მომდევნო წლებში მაღალ ინფლაციურ მოლოდინებს შექმნის. შესაბამისად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, საგარეო ვალის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის გაუარესება მოჰყვება.

ამასთან, ეროვნული ბანკის პესიმისტურ სცენარში, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პანდემიის ახალი ტალღების გავრცელება დამატებითი შეზღუდვების შემოღებას იწვევს, რაც მათ ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს, კიდევ უფრო ამძაფრებს თურქეთში გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. გაუარესებული საგარეო ბალანსი და გაზრდილი რისკები, ლარის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას განაპირობებს. კერძოდ, ცენტრალური ბანკის პესიმისტური სცენარით 2022 წელს ლარი დოლარის მიმართ 10 პროცენტით უფასურდება, ხოლო 2023-2024 წლებში ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე 2-3 პროცენტით მყარდება.

პესიმისტური სცენარის მიხედვით, ვაქცინაციის ტემპის შემცირებისა და მომდევნო წლებში ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობის საფრთხის შედეგად, გაზრდილია გაურკვევლობა ეკონომიკის აღდგენის ტემპთან დაკავშირებით. ეკონომიკის შეფერხებული აღდგენის პირობებში, 2022 წელს ეკონომიკის მცირე ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო გაჯანსაღების ნიშნები მხოლოდ 2023 წლიდან შეინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system