თავში

5 წელიწადში საქართველო ფსტას ექსპორტს დაიწყებს

5 წელიწადში საქართველო ფსტას ექსპორტს დაიწყებს
5 წელიწადში საქართველო ფსტას ექსპორტს დაიწყებს

საქართველოში ფსტა (ფისტა) ახალი კულტურაა, რომლის წარმოებასაც ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს. თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, სულ 10-12 ბაღია გაშენებული, ძირითადად, კახეთის რეგიონში. სულ მცირე, 5 წელია საჭირო, რომ ქვეყანამ ფსტას ექსპორტი წამოიწყოს. სხვა კულტურებისგან იგი გამორჩეულია ფასით, რაც საინვესტიციო პერიოდის ხანგძლივობით არის განპირობებული. 

როგორც ბობოქაშვილი ამბობს, ამ კულტურას საზოგადოება ძირითადად ფისტათი იცნობს. თუმცა მცენარის სალიტერატურო სახელწოდება ფსტაა. ასე მოიხსენებენ მას მეცნიერულ წრეებშიც. მისი მონათესავე სახეობა საკმლის ხე (ე.წ. კევის ხე) ქართველებისთვის კარგად ნაცნობი კულტურაა, რომელიც დედოფლისწყაროში დიდი რაოდენობით ხარობს. 

,,ფსტას წარმოების დიდი პოტენციალია. რამდენიმე ახალი ბაღია გაშენებული, ძირითადად საგარეჯო-დედოფლისწყაროს მიდამოებში, უმთავრესად კახეთში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია, მისი პრობლემაა, რომ კომერციულად მოსავლიანობას დიდი პერიოდი, მინიმუმ, 8 წელი სჭირდება. დანარჩენ მრავალწლიან კულტურებს შორის მოსავლის მიღებას ფსტა ყველაზე გვიან იწყებს. საქართველოში ჯერ მოსავლის მხოლოდ პირველი ნიშნებია, კომერციული წარმოების დასაწყებად, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს, 5 წელი გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ფსტას ინდუსტრია ახლა ყალიბდება, საკამოდ საინტერესო წამოწყებაა. გაშენებული ბაღი 100 წლის განმავლობაში იძლევა ნაყოფს, რაც მისის დიდი პლიუსია. თურქეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ახლაც არის წინა საუკუნის 30-40 -იან წლებში გაშენებული ბაღები. უყვარს მშრალი, საშუალოდ ნოყიერი მიწები, სხვა შემთხვევაში ფესვს სიდამპლე ემატება, ამიტომაა, რომ  კახეთის მხარე ამ კულტურისთვის ხელსაყრელია, თუმცა კარგად ხარობს  ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, კასპში, გორის ზოგიერთი ადგილას, სადაც შესაძლებელია ფისტა გაშენდეს", - განმარტავს report.ge-თან ზვიად ბობოქაშვილი.

მისივე ინფორმაციით, 1 ჰექტარზე ფსტას ბაღის გაშენება, დაახლოებით, 8500-9000 ლარი ჯდება (სარწყავი სისტემის გარეშე). საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით, 2 – 2,5 ტონაა.  წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4300-4800 ლარს აღწევს. ერთი კილოგრამის სარეალიზაციოდ გამზადება 40-50 თეთრი ჯდება. ხოლო ფსტას ფასი საერთაშორისო ბაზარზე 10-12 ევროს აღწევს.

ცნობისთვის, როგორც ზვიად ბობოქაშვილი განმარტავს, ფსტა კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან – სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში). დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა. მისი კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში. ამჟამად აშშ ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system