თავში

930 000 ლარის ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი ჩინური აღმოჩნდა

930 000 ლარის ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი ჩინური აღმოჩნდა
930 000 ლარის ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი ჩინური აღმოჩნდა

"ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ დირექტორი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამინისტრო ტესტებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა, რაც სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს აჩენს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესყიდული 930 000 ლარის ღირებულების ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი რეალურად ჩინური აღმოჩნდა. 

„24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდა 930 000 ლარის ღირებულების 30 000 ცალი ტესტი. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ეს ტესტები მითითებულია, როგორც ჰოლანდიური წარმოების ტესტები. რეალურად ტესტები აღმოჩნდა არა ჰოლანდიური, არამედ -ჩინური, შეფუთული როგორც ჰოლანდიური! მანამდე ეს ტესტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არაერთხელ სცნეს ხარვეზულად და შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა ან ჩვენს ჯანდაცვის უწყებას, ან შემომტან კომპანიას.

როგორც შესყიდვების საიტზეა მითითებული, ტესტები უნდა შემოეტანა შუამავალ კომპანიას „სოლემარტს“, რომელსაც, როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები ლობირებენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო, ტესტებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს სამინისტრო ეცადა შემოეტანა 200 000 სწრაფი ტესტი, მაგრამ მაშინაც სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება უხარისხო ტესტების მწარმოებელთან. ახლაც, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელმაც ასევე უხარისხო და „ფეიკი“ ტესტები შეისყიდა სამინისტროსთვის. ყოველივე ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს. ვინ დგას ამ კომპანიების უკან? რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის უწყება ხარისხიანი ტესტების შემოტანას? როგორც ჩანს, ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზეც კი არ თაკილობს კორუფციულ, კლანურ გარიგებებს და საეჭვო კონტრაქტების დადებას,“ - ამბობს ჩიხლაძე და დასძენს, რომ ხელისუფლებას 2 თვეზე მეტი დრო დასჭირდა სწრაფი ტესტების შემოტანის გადაწყვეტილება მიეღო, რაც ჩიხლაძისთვის აჩენს ეჭვს, რომ პროცესის გაწელვით, ხელისუფლება უმზადებდა მონოპოლიას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და მათ ნათესავებს, რომ ისინი გამხდარიყვნენ „ტესტების ბიზნესის“ მონოპოლისტები.

"შესაბამისად, ეს 5 მილიონიანი შესყიდვაც უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე და ღია, რომ ისევ არ მივიღოთ უხარისხო ტესტები ან კორუფციული გარიგებები. ტესტების მარაგი და ხარისხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ახლა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი მის საკონტროლოდ იქნება სწორედ ტესტირება, ვირუსის დეტექცია და ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ ფონზე კი, საჭირო რაოდენობის და კარგი ხარისხის ტესტების გარეშე, ყველა ჩვენი ქმედება დაემსგავსება სიბნელეში ხელების ცეცებას,” - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system