თავში

ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალი ჯერ ისევ მცირეა

ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალი ჯერ ისევ მცირეა
ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალი ჯერ ისევ მცირეა

ტურიზმის სფეროს სპეციალისტები ადგილობრივი ტურიზმის პერსპექტივას ჯერჯერობით ნაკლებად საიმედოდ მიიჩნევენ. ამის მიზეზი, როგორც პროფესორი ნიკა კვარაცხელია report.ge-თან აღნიშნავს, შიდა ტურიზმის განვითარების დონეა, რითაც ქვეყანა მაინც და მაინც ვერ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, კვარაცხელია ვარაუდობს, რომ აქტუალურობას არ დაკარგავს დასვენება თბილისის შემოგარენში, რაც ტრადიციულად დამახასიათებელი ნიშაა ქართული ტურიზმისთვის.

,,ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზევე მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის რეკომენდაცია იყო, რომ შიდა ტურებისთის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო. ჩვენს შემთხვევაში ამან დიდად ვერ გაამართლა. მართალია, არის მოწოდება, რომ დავისვენოთ საქართველოში, მაგრამ ასე ყველა არ იქცევა. სამშობლოში დასვენების კულტურა ჩვენთან მაინც და მაინც განვითარებული არ არის. ამასთან, ქალაქის მაცხოვრებელთა დაახლოებით ნახევარს სოფელი აქვს ან ნათესავს სტუმრობს. ასეთი დასვენებით ფული არ კეთდება და ეს არც შეიძლება შიდა ტურიზმად განვიხილოთ, თუკი ეკონომიკურ სარგტებელს არ იძლევა. მართალია, საზღვაო ტურიზმს ამ მხრივ მეტი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ იქაც ბევრი ვერ წავა, რადგან დასვენება ფასებზეა დამოკიდებული, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ვფიქრობ, ყველაზე მოთხოვნადი იქნება დასვენება თბილისის შემოგარენში, რაც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ტრადიციული იყო. შეიძლება, სოფელში ბევრმა ადამიანმა დაისვენოს, მაგრამ შიდა ტურიზმი იმ გაგებით, როგორც ჩვენ გვესმის, ნაკლებად იქნება დატვირთული და ამაზე ჯერჯერობით დიდ იმედს ვერ დავამყარებთ", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

არსებულ პრობლემას ადასტურებს, თუმცა შიდა ტურიზმის განვითარებას უფრო ოპტიმისტურად უყურებს ტურიზმის სფეროს ექსპერტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი, რომელიც report.ge-თან ამბობს, დარგი თანდათან აღიდგენს ძალებს.

,,ზაფხულისთვის მეტი თადარიგი დაგვჭირდა წინასწარ, სეზონს დარგი მეტად მომზადებული ხვდება. პროგნოზიც ცოტა დამაიმედებებელია, ამას გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახლავს - ხალხი დაიღალა და შეეცდება ქალაქიდან გასვლას. ამ პერიოდისთვის მეტი ადამიანიც იქნება აცრილი, რაც შიდა ტურებზე მოთხოვნას გაზრდის. დარგში უკვე ბევრი კარგი ძვრაა, რაც გვაფიქრებს, რომ ტურიზმი ძალებს აღიდგენს. ახალ სეზონს დიდი ინტერესით ველოდებით, კარგი იქნება, თუ მომ სახურებაში ჩაერთვება შერეული ტურისტული პაკეტები, სადაც ფრაგმენტულად ყველა მიმართულება მოიყრის თავს. სავარაუდოდ, წინ წამოიწევს სამკურნალო ტურიზმის როლიც, თუმცა მომსახურების მაღალი ხარჯის გამო ასეთ დაწესებულებებში დასვენებას ბევრი ვერ ახერხებს ", - აცხადებს report.ge-თან მანანა ალადაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო. ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 28.5%-ს შეადგენს (სასტუმროების სტუმრებში საქართველოს რეზიდენტების წილი, საქსტატი, 2019 წ). ამ მონაცემებით საქართველო ხვდება ქვედა მარჯვენა ჯგუფში (საბერძნეთის სიახლოვეს).

"მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება," - აღნიშნულია კვლევაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system