თავში

აფხაზეთში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის სამუშაოდ

აფხაზეთში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის სამუშაოდ
აფხაზეთში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის სამუშაოდ

ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაოდ წასვლა ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. როგორც report.ge-მ გაარკვია, ამის მიზეზი სამუშაო ძალის დეფიციტია. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან მსურველებს შეუძლიათ აფხაზეთში უპრობლემოდ დასაქმდნენ, ძირითადად, მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებზე. 

სოხუმში, საოჯახო სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებული ვასო ხარებავა გალიდანაა. სატელეფონო საუბრისას ის ამბობს, რომ დიდი ხელფასი არ აქვს, მაგრამ იმდენს მაინც იღებს, რომ ოჯახს დაეხმაროს. 

,,აფხაზეთში მუშაობას აქვს ის უპირატესობა, რომ ანაზღაურებას დოლარში ვიღებთ. მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასი თვეში  500-600 დოლარის ფარგლებშია. ეს იმ შემთხვევაშიო, თუ მთელი თვე  შეუსვენებლად იმუშავებ, თითო გამოსასვლეკლი დღე გვაქვს, ვის როგორც გვაწყობს.აქ არიან ასევე ზუგდიდელი მუშები. რამდენიმე თვის წინ გურულების რამდენიმეკაციანი ჯგუფიც იყო. მათი ჩასვლა ოკუპირებულ რეგიონში ფორმდება, როგორც მოწვევა და ამის საფუძველზე მუშაობენ. დიდი მშენებლობები აქ არ არის, ძირითადად, მცირე სასტუმროებია და რესტორნები, ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტებისთვის არის საჭირო. შემკვეთები ძირითადად რუსები არიან. გარდა ამისა, ბევრი ქართველი ხელოსანი ოჯახებში არის დასაქმებული, სარემონტო სამუშაოებსა და სხვადასხვა ხელსაქმეზე, რეგიონში მუშა ხელის დიდი დეფიციტია, არავის ექმნება დაბრკოლება, ვინც საქმე იცის და მუშაობა არ ეზარება", - ამბობს გალელი მუშა report.ge-თან.

აფხაზეთში ქართველების დასაქმებაზე საუბრობს ექსპერტთა წრის წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ოკუპირებულ რეგიონში ქართველ მუშახელ;ზე ყოველთვის იყო მოთხოვნა და ეს ტენდენცია ამ ეტაპზეც გრძელდება. 

,,ახალი ამბავი არ არის, მშენებლობებზე ყოველთვის იყო კადრების დეფიციტი, რასაც დროდადრო ქართველები ავსებდნენ ან ტაჯიკი, უზბეკი და ჩინელი მოქალაქეები, რომლებიც იქ იაფ მუშახელად ითვლებიან. ომამდეც კი ჭირდა აფხაზეთში მუშების მოძიება, ამიტომ საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან ჩადიოდა ხალხი სამუშაოდ. ზოგი მათგან სამუდამოდ რჩებოდა კიდეც იქ საცხოვრებლად. ომის მერე ჩინელი, უზბეკი და ტაჯიკი მუშებიც ჩაყავდათ. ძირითადად, სარემონტო სამუშაოებია და მცირე მშენებლობები, მასშტაბური პროექტები აფხაზეთის ქალაქებში არ ხორციელდება. ამიტომ იშვიათი გამონაკლისი გარდა, მცირე პროექტებია, სადაც ქართველებს დასაქმება შეუძლიათ. ცხადია, კარგი ხელფასი რომ არ იყოს, არავინ წავიდოდა სამუშაოდ, ნორმალური პირობაა, თანაც, დროზე აძლევენ  ხელფასებს. ამდენი ხანია, რაც იქ ქართველები სამუშაოდ გადადიან და თითქმის არ მსმენია, რომ ვინმეს პრობლემა შექმნოდა. თვითონ არ ჰყავთ ხელოსნები და ცდილობენ, სამუშაოდ ჩასულებს მისაღები პირობები შესთავაზონ", - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system