თავში

აგროდაზღვევაზე მოთხოვნა კვლავ დაბალ დონეზეა

აგროდაზღვევაზე მოთხოვნა კვლავ დაბალ დონეზეა
აგროდაზღვევაზე მოთხოვნა კვლავ დაბალ დონეზეა

ხელისუფლების დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში აგროდაზღვევა კვლავ დაბალ დონეზე რჩება. სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გაცემული პოლისების რაოდენობა მატულობს, დაზღვევის ეს სერვისი ფერმერებში დიდი მოწონებით მაინც ვერ სარგებლობს. მიზეზად აგრარული დარგის ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე ზოგადად დაზღვევის კულტურის დაბალ დონეს მიიჩნევს და აცხადებს, რომ სადაზღვევო პროდუქტების პოპულარიზაციისა და გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, ხალხი აგროდაზღვევას მაინც ეჭვით უყურებს, დაუზღვეველი მოსავალი კი როგორც ფერმერებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც დიდი დაბრკოლებაა.

,,მთავრობას ვერ დავუკარგავთ, რომ ძალიან მონდომებულია, განვითარდეს აგროდაზღვევის ბაზარი, მაგრამ მან ფეხი მაინც ვერ მოიკიდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიძებნა შესაძლებლობა, რომელიც მოსახლეობას დააინტერესებს. ვხედავთ, რომ აგროდაზღვევას ნდობა ნაკლებად აქვს. ამას განაპირობებს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ხისტი პოლიტიკაც, რადგან არის შემთხვევები, როცა ზარალის ანაზღაურების გაცემა ან დროში გაიწელა ან ფერმერს დამატებითი დოკუმენტაციების წარდგენა დასჭირდა და შემდეგ საერთოდ არ აანაზღაურეს. რამდენიმე ასეთი საქმე სასამართლომდეც მივიდა და დღესაც განხილვაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ არათუ მოსავლის, არამედ საერთოდ, ნებისმიერი სახის დაზღვევის კულტურა დაბალ დონეზეა განვითარებული. შეიძლება, ტრადიციული მეხსიერებაც თამაშობს თავის როლს, გლეხები მიჩვეული იყვნენ, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გზით და მუდმივად დახმარებას ითხოვდნენ. ასეთი მიდგომა კი სახელმწიფოსაც აზარალებს და სექტორსაც, რადგან იყო შემთხვევები, როცა ზარალის ანაზღაურების მიზნით გაცემულ თანხას არამიზნობრივად იყენებდნენ. აგროდაზღვევა კი ქმნის შესაძლებლობას, რომ თანხა სტიქიისგან დაზარალებული მოსავლის რეაბილიტაციას მოხმარდეს. საქართველო სასურსათო უსაფრთხოების გზას უნდა დაადგეს, ამიტომ აგროდაზღვევა პრინციპულად მნიშვნელოვანია", - აცხადებს პაატა აროშიძე report.ge-თან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32 %-ით მეტია.

დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system