თავში

აგროდრონების როლი აგრობიზნესში

აგროდრონების როლი აგრობიზნესში
აგროდრონების როლი აგრობიზნესში

პანდემიის შედეგად საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ფერმერთა მხარდასაჭერად, ევროკავშირმა, FAO-სთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები გამოაცხადა. 

ნიკოლოზ მესხი ამ საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციერია. ის კახეთის რეგიონში რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს: 8 ჰექტარზე მოჰყავს სიმინდი, ასევე ამუშავებს მიწას ხორბლის მოსაყვანად. საერთო ჯამში მის საკუთრებაში 15 ჰა მიწაა. პანდემიის პერიოდში ევროკავშირისა და FAO-ს თანადაფინანსებული გრანტით, ნიკას აგროდრონი გადაეცა, რომელსაც 10 ლიტრიანი ავზი აქვს და შეუძლია მიწის შეწამვლა, თხევადი სასუქის შეტანა და სხვა. აგროდრონს სოფლის მეურნეობის სექტორში უკვე წლებია იყენებენ. მას შეუძლია საჰაერო შეწამვლა, თესვა, ასევე მაღალი რეზოლუციის მქონე კამერებისა და სენსორების საშუალებით მიწის სტრუქტურისა და ტენიანობის დადგენა. ეს ტექნოლოგია საქართველოსთვის სრულიად ახალია და, შესაძლოა, ფართო გამოყენება ჰქონდეს მომავალში.

„ტრადიციული მიდგომის დროს, როგორიცაა ტრაქტორითა ან ხელით შეწამვლა, ზიანდება მოსავალი, აგროდრონით კი ეს გამორიცხულია,“ – გვიყვება ნიკა მესხი.

მიწის შეწამვლისა და დამუშავების პრობლემა შეიქმნა პანდემიის დროსაც, როცა ადამიანები ერიდებოდნენ სხვა პირებთან კონტაქტს. ასეთ შემთხვევებში დრონით სარგებლობა მომგებიანია.

ამ სეზონზე ნიკამ შეისწავლა დრონის მართვის სპეციფიკა და შეძლო მეზობელი მიწების მონიტორინგი. იგი შეწამვლის სამუშაოების დაწყებას შემდეგ სეზონზე გეგმავს.

დრონის ტექნოლოგია ძალიან ეფექტურია, ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს და მნიშვნელოვნად მცირე პესტიციდებს საჭიროებს, ვიდრე ტრადიციული მიდგომისას. ველი, რომ ახალ სეზონზე ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აგროდრონით მომსახურების მიმღებთა რიცხვიც გაიზრდება“, - ამბობს მეწარმე. 

როგორც report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, სოფლად ფერმერებზე, მეწარმეებზე და მცირე და საშუალო ბიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებს სარწყავი სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები გადაეცათ. პანდემიის საპასუხოდ გაცემული თანადაფინანსების გრანტები ევროკავშირისა და FAO-ს ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system