თავში

აქვს თუ არა ალტერნატივა ჰესებს საქართველოში

აქვს თუ არა ალტერნატივა ჰესებს საქართველოში
აქვს თუ არა ალტერნატივა ჰესებს საქართველოში

,,ნაწილობრივ მართალი, თუმცა, არარეალისტური" - ასე აფასებს “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) გავრცელებულ მოსაზრებას, თიოთქოს ჰესების ალტერნატივა ქარის და მზის ენერგიაა. კერძოდ, დამოკიდებულებას, რომ თანამედროვე მსოფლიო სრულად გადადის ქარისა და მზის ენერგიაზე. აღნიშული ტექნოლოგიების გაიაფების გამო, ქვეყანამ ჰიდროელექტროსადგურები არ უნდა ააშენოს და ქარის და მზის სადგურები უნდა განავითაროს. სსე-ზე დაყრდნობით ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მართალია, ქარის და მზის ტექნოლოგიები ინტენსიურად ვითარდება და იაფდება, მაგრამ არსად მსოფლიოში ეს პროცესი არ მოიაზრება როგორც ჰესების ალტერნატივა. 

,,ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროები განიხილება წყალსაცავიან და ჰიდრომააკუმულირებელ სადგურებთან კომბინაციაში, როგორც ერთმანეთის შემავსებელი. სწორედ წყალსაცავიანი ჰესები იძლევა ქარის და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი სიმძლავრეების ქსელში ინტეგრირების ოპტიმალურ შესაძლებლობას. შედარებისთვის, ნამახვანჰესის ტოლი გამომუშავების ქარის და მზის სადგურების შესაძლებლობების მიახლოებითი შეფასება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე. საქართველოში მზის და ქარის ენერგიის ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობები მოყვანილია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ენერგოსისტემაში შესაძლებელია 333 მგვტ ქარის და 130 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 25%)", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლის თქმითაც, კატეგორიულად არ შეიძლება, რომ დღეს საქართველომ შეაჩეროს ჰესებტან დაკავშირებული პროექტები და გადავიდეს მზისა და ქარის სადგურების მშენებლობაზე.

,,იმისთვის, რო ავაშენოთ, პირობითად, 50 მგვტ-იანი ქარის და მზის ელექტრული სადგური, ამისთვის მინიმუმ, გვჭირდება ე.წ. სარეზერვო სიმძლავრე, რათა სისტემაში პრობლემა არ შეგვექმნას. ამისთვის მინიმალურად საჭიროა მზის ენერგიისთვის სადღაც 40-45% სიმძლავრე, რის შესაძლებლობასაც წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები იძლევიან. სხვა რეზერვი დღესდღეობით არ გვაქვს, რადგან საქართველო არ არის გლობალურ ქსელში ჩართული. სსე-ს კვლევების თანახმად, განახლებადი ენერგიის წყაროების მშენებლობას, რომელიც დაგეგმილია და გაკეთდება, შეუძლია ქარის და მზისგან წარმოებული 400 მგვტ ელექტროენერგია შეიტანოს სისტემაში ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას. არის მეორე პრობლემაც, იმისთვის, რომ მზე და ქარი შეიყვანო სისტემაში და ააშენო, მათ ისევე სჭირდება ფართობი, როგორც ამას ჰესების  ინფრასტრუქტურა მოითხოვს. ქარის შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე, რადგან ქარი ყველგან არ ქრის. აქედან გამომდინარე, ფართობები გვჭირდება, არცთუ მცირე. 1 მგვტ ქარის ენერგია რომ შეიყვანო ექსპლუატაციაში 2 ჰა ფართობია საჭირო, რაც ასევე პრობლემატურია, მით უმეტეს, როცა ქვეყანა მცირემიწიანია", - განმარტავს report.ge-თან გია არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი დაახლოებით 1 თვის წინ განმარტავდა, თუ რატომ არ შეიძლება ჩანაცვლდეს ჰიდროელექტროსადგურები მზის ან ქარის სადგურებით სრულად.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებული ყველა ტიპის განახლებადი ენერგიის პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. თუმცა აბრამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქარის და მზის ენერგიაზე დიდი ენერგეტიკული ამოცანების გადაწყვეტის დაკისრება არასწორია და საშიშიც არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system