თავში

არაფორმალურ ეკონომიკაში ქალებისა და კაცების დასაქმება თანაბარია

არაფორმალურ ეკონომიკაში ქალებისა და კაცების დასაქმება თანაბარია
არაფორმალურ ეკონომიკაში ქალებისა და კაცების დასაქმება თანაბარია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის ანგარიშში სპეციალური თავი აქვს მიძღვნილი ქალთა ეკონომიკურ აქტიურობას და შრომით უფლებებს საქართველოში. დოკუმენტში მოტანილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოში ქალებისა და კაცების დასაქმება არაფორმალურ ეკონომიკაში თითქმის თანაბარია, თუმცა ქალებისათვის არაფორმალური დასაქმება, კაცებისგან განსხვავებით, დიდწილად დაკავშირებულია ნაკლებ შემოსავალთან, მობილობის დაბალ დონესთან და დაბალ თვითშეფასებასთან.

შესაბამისად, სახალხო დამცველის მტკიცებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას, აუცილებელია გენდერული ასპექტების გათვალისწინება. ნინო ლომჯარიას მტკიცებით, 2020 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით , ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით, საქართველო, 153 ქვეყანას შორის, 61-ე ადგილზეა. საქართველოში კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, საქართველო 118-ე ადგილს იკავებს. თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებლით, საქართველო 73- ე ადგილზეა. საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას. 

"ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში კი, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდა. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების თანახმად , ქალების 42% აცხადებს, რომ პანდემიამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებით, ახლა ერთით მეტ საქმეს აკეთებენ. გარდა ამისა, სკოლების დახურვამ ქალებისთვის 31%-ით შეამცირა დასვენების დრო. დამატებითი გამოწვევაა ისიც, რომ ვირუსის გავრცელებამ ასევე შეზღუდა მიგრანტ ქალთა შრომითი შესაძლებლობები, რაც მათთვის და მათი ოჯახებისათვის საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემადგენელი ნაწილია ქალი მეწარმეების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც ამ კუთხით მიმართული ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლებას. 2020 წელს საგრანტო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნეს გეგმების ეტაპზე გადავიდა 4103 განაცხადი, საიდანაც 2056 განაცხადის ავტორი ქალი იყო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები სრულად ვერ ფარავს დაინტერესებულ ჯგუფებს და ამას სახალხო დამცველის აპარატის მიერ სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარებული შეხვედრებიც ადასტურებს. ამასთანავე, კვლავ შეუსრულებელია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და არც მომავალში იგეგმება პროექტების დაფინანსებისა და პრიორიტეტების მინიჭების იმგვარად განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული რეგიონის სპეციფიკასა და საჭიროებებს გაითვალისწინებს. გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მუშაობისას აგრეთვე მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის/ქალების საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესება და საინფორმაციო ტექნოლოგიებში მათი შესაძლებლობების გაძლიერება. სახალხო დამცველის მიერ სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარებული შეხვედრები კი, ცხადყოფს, რომ ინტერნეტსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. მისასალმებელია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების განსაზღვრისა და ანაზღაურების ახალი წესის ამოქმედება, თუმცა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება საჯარო სექტორში, რადგან 2020 წელს ამ უფლებით მხოლოდ ქალებმა ისარგებლეს. კვლავ პრობლემად რჩება მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შეთავაზებული სპეციალური პროგრამები, ხოლო ადგილობრივ დონეზე არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს მათ სრულყოფილ სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას. 2021 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭა 4847 პირს, საიდანაც 4830 მარტოხელა დედა იყო. აღსანიშნავია, რომ მშვილებელი მამის მხოლოდ 1 შემთხვევა იკვეთება. რაც შეეხება მრავალშვილიან მშობლებს, სტატუსი დაუდგინდა 5501 დედას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დასახმარებლად, მნიშვნელოვანია დაგეგმოს გენდერულად მგრძნობიარე პროგრამები და ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს მათი რეალური საჭიროებები," - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system