თავში

“არემჯი” განცხადებას ავრცელებს

“არემჯი” განცხადებას ავრცელებს
“არემჯი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “არემჯი” ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში 2020 წლის 17 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრალდებები, ერთის მხრივ, ბიზნესზე ზეწოლის კამპანიურ ხასიათს ატარებს, ხოლო, მეორეს მხრივ, არ შეესაბამება სიმართლეს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტში სახელმწიფო ჯარიმების გადავადების საკითხი არის მტკნარი სიცრუე. „არემჯი“ ოპერირებს საქართველოს კანონდებლობის სრული დაცვით და კომპანიაზე დაკისრებული ყველა ჯარიმა გადახდილია ან/და გასაჩივრებულია არსებული კანონმდებლობის დაცვით. სიუჟეტში მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით წარმოდგენილ ბრძანებებს, არაფერი აქვს საერთო ჯარიმასთან ან/და მის გადავადებასთან. სინამდვილეში ეს არის კომპანიის კვლევა-ძიების სალიცენზიო ვადის გაგრძელების დოკუმენტები," - განმარტავს "არემჯის" მენეჯმენტი.

კომპანია ასევე უარყოფს სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციას „არემჯიში“ ბიძინა ივანიშვილის საქმიანი ინტერესების შესახებ

"ვაცხადებთ, რომ არცერთ ეტაპზე კომპანია „არემჯის“ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი კავშირი არ ჰქონია. „რიჩ მეტალს გრუპმა” (RMG - არემჯი) საქართველოში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის მიზნით, ბოლნისის რაიონში არსებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები და სამთო-მოპოვებითი საწარმო შეიძინა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში. ამ პერიოდიდან კომპანიამ საქმიანობა პრაქტიკულად ამოწურული გეოლოგიური მარაგების, ტექნიკურად მოძველებული ბაზისა და გარემოსდაცვითი კუთხით 40 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრით დაიწყო. 2012 წლიდან დაგეგმა და განახორციელა მასშტაბური საინვესტიციო ღონისძიებები. დაიწყო წარმოების სრული მოდერნიზაცია, დაინერგა შრომის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტები და პროფესიულად გადამზადდა ათასობით ადგილობრივი დასაქმებული," - განმარტავენ კომპანიაში. 

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, “არემჯის” საწარმოებში 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა დამატებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდის განმავლობაში „რიჩ მეტალს გრუპმა“ საქართველოში, ჯამში 750 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანია “მთავარი”, მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო, ცდილობს შეულახოს საქმიანი რეპუტაცია ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს, რითაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კომპანიის აქციონერებსა და მენეჯმენტს, არამედ წარმოებაში დასაქმებულ 3000-ზე მეტ ადამიანს და მათ ოჯახებს. ამ მხრივ, შემაშფოთებელია, სიუჟეტის ერთ-ერთი რესპოდენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბატონი კახა ოქრიაშვილის განცხადება, კომპანიის აქციონერების შეცვლისა და მენეჯმენტის დათხოვნის შესახებ. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ზეწოლისაგან. ვიმედოვნებთ, რომ მუქარითა და დაშინებით ბიზნესის ხელყოფის პრაქტიკა საქართველოში საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით, კომპანია „არემჯი“იტოვებს უფლებას მიმართოს შესაბამის სამართლებრივ ზომებს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system