თავში

აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა ოქტომბერი უარყოფითად დაასრულეს

​აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა ოქტომბერი უარყოფითად დაასრულეს
აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა ოქტომბერი უარყოფითად დაასრულეს

აშშ-ის კაპიტალის ბაზრებმა ოქტომბერი უარყოფითად დაასრულეს. 

ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.

ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, ოქტომბრის მეორე ნახევარში საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე არასტაბილურობამ იმატა, რაც, გამოწვეული იყო ერთი მხრივ, აშშ–ს წინასაარჩევნო გაურკვევლობით, ხოლო მეორე მხრივ ვირუსის სწრაფი გავრცელებით და აშშ–ს ფისკალური სტიმულირების პაკეტის განხორციელების მოლოდინების შემცირებით. 

"მიუხედავად სხვაობის შემცირებისა, ბოლო მონაცემებით ჯო ბაიდენი რეიტინგით კვლავ უსწრებს ტრამპს. ამერიკასა და ევროპაში COVID–ის მზარდმა შემთხვევებმა გამოიწვია ბაზრების მოკლევადიანი კორექტირება ოქტომბრის მეორე ნახევარში. აშშ-ში, 13 შტატში ვირუსის ერთდღიანი გავრცელების რეკორდები დაფიქსირდა, ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დაანონსდა. თვის ბოლოს ბაზრის განწყობები ნაწილობრივ გაუმჯობესდა, რაც აშშ-სა და ევროზონის ეკონომიკების მოსალოდნელზე უკეთესმა შედეგებმა განაპირობა. აშშ-ს ეკონომიკა მესამე კვარტალში წლიური 33.1%-ით გაიზარდა (წლიურად), ხოლო ევროზონის ოთხ უდიდეს ეკონომიკებში ზრდა 8.2%-18.2% დიაპაზონში დაფიქსირდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განახორციელა, თუმცა გაუარესებული მოლოდინების გათვალისწინებით შემდეგ შეხვედრაზე სტიმულების გაზრდაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ Financial Times-ის მიერ გამოკითხულმა ეკონომისტებმა შეამცირეს ევროზონის მე-4 კვარტლის ზრდის პროგნოზი (-2.3%), ახალი შეზღუდვების გამო," - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოქტომბრის ბოლო კვირაში გამოქვეყნდა წამყვანი ტექ-გიგანტების ფინანსური შედეგები. ოთხი დიდი ტექ-კომპანიის - Amazon-ის, Facebook-ის, Google-ისა და Apple-ის - კომბინირებული გაყიდვები მე-3 კვარტალში წლიურად 18%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსის მოლოდინებს 4%-ით აღემატებოდა, თუმცა ბაზრის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, Google-ის ფასი 6%-ით გაიზარდა, ხოლო Amazonის, Facebook-სა და Apple-ის ფასები დაეცა. ასევე აღსანიშნავია, რომ S&P 500 კომპანიების 86%-მა მე-3 კვარტალში ბაზრის მოლოდინებს გადააჭრბა.

S&P 500 (აშშ-ს 500 უმსხვილესი კონმპანიის ინდექსი) ოქტომბერში 2.8%-ით შემცირდა, თუმცა ყველაზე მკვეთრი ვარდნა ოქტომბრის ბოლო კვირაში მოხდა, როდესაც ინდექსი 5.6%-ით შემცირდა. 

ზეწოლის ქვეშ მოექცა ასევე ტექ კომპანიებით დატვირთული NASDAQ-ის ინდექსი, რომელიც ოქტომბერში 2.3%-ით შემცირდა (-5.5% ბოლო კვირის ვარდნა). ოქტომბერში ასევე შემცირდა ევროპული ინდექსები, მათ შორის STOXX 600 და FTSE 250.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა გლობალური ფინანსური სტაბილურობის პერიოდული ანგარიში, სადაც ხაზგასმულია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების გადაჭარბებულ შეფასებაზე, რაც ისტორიულ მაქსიმუმზეა აშშ-ში, ევროზონაში, იაპონიასა და ჩინეთში.  აღნიშნულის მიზეზად, განვითარებული ეკონომიკების მხრიდან უპრეცედენტო მონეტარული და ფისკალური სტიმულირება დასახელდა, რომელმაც საპროცენტო განაკვეთების და რისკიანობის შემცირება გამოიწვია. 

სპეციალისტების შეფასებით, აქციების ფასების ზრდას, განსაკუთრებით კი ტექ-კომპანიების, ხელი შეუწყო საცალო ინვესტორების რაოდენობის ზრდამ (ე.წ "Robinhood Investors").

სავალუტო ფონდმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ინვესტორები ეჭვქვეშ დააყენებენ მონეტარული და ფისკალური სტიმულების მოცულობას, ან გაჭიანურდება ეკონომიკების აღდგენა, მოსალოდნელია აქტივების ფასების მკვეთრი კორექტირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system