თავში

აურიცხავი საწვავის შემოდინების ფაქტები კვლავ ხშირია

აურიცხავი საწვავის შემოდინების ფაქტები კვლავ ხშირია
აურიცხავი საწვავის შემოდინების ფაქტები კვლავ ხშირია

მეზობელი რეგიონებიდან აღურიცხავი საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის შემოტანის ფაქტები ისევ გახშირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად ფასთა სხვაობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მეზობელ რეგიონში დიზელი 1,10 ლარად იყიდება, როცა ფასი საქართველოში 2 ლარს აჭარბებს. ამდენად, ცდუნება დიდია, რადგან ფასი კონტრაბანდას ასტიმულირებს.

,,ჩვენ ბოლო წლებში მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მოსაზღვრე ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, ხდება აღურიცხავი პროდუქტის შემოდინება. სატრანსპორტო საშუალებები არიან შემომტანი, როგორც ტრანზიტად გამავალი, ასევე კერძო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც არასტანდარტული ავზები აქვთ დამონტაჟებული და ამის საშუალებით ახერხებენ დიზელის საწვავის შემოტანას. ლაგოდეხის მხრიდან შემოდის ძირითადად, არაორგანიზებული ბიზნესია, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს ვუხერხებთ. ადრე ირანიდანაც შემოდიოდა, მაგრამ ეპიდემიურ პერიოდში ამ მიმართულებით გადაზიდვები შემცირდა, ფაქტობრივად, ირანიდან არაფერი შემოდის, ამიტომ აღირიცხავი ირანული დიზელის შემოტანის ფაქტები მინიმალურ დონეზეც არ არის, შეჩერებულია",  - ამბობს report.ge-თან ვანო მთვრალაშვილი.

მისი თქმით, ბოლო თვების განმავლობაში კონტროლი გამკაცრებულია, რაც აღურიცხავი საწვავის შემოტანას შეამცირებს, მაგრამ მისი განულება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

,,შემოსავლების სამსახურმა დამატებითი რეგულაციები დააწესა და ზომები გაამკაცრა. შესაბამისად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. აღურიცავი პროდუქცია ბაზარზე ისევ არის, მაგრამ მასშტაბი შემცირდა, რაც საბოლოოდ ლეგალური ბიზნესის ბრუნვაზე დადებითად აისახება. ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გვაფიქრებს, რომ აღურიცხავი საწვავის წილი მნიშვნელოვნად შემცირდება", - აღნიშნავს მთვრალაშვილი.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, 16 730 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system