თავში

ავტომობილების იმპორტში ღრმა კრიზისზე საუბრობენ

ავტომობილების იმპორტში ღრმა კრიზისზე საუბრობენ
ავტომობილების იმპორტში ღრმა კრიზისზე საუბრობენ

ავტომობილების იმპორტიორი, ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ავტოიმპორტში რეალურად გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე სტატისტიკა ასახავს. მისი თქმით, ევროპაში მანქანები გაძვირდა, რის გამოც ხარჯი გაეზარდათ და ბიზნესის ნაწილი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა, მოვლენებს დააკვირდეს. ასეთ ფონზე, როგორც ჯამაგიძე ამბობს, გაყიდვები განახევრებულია, რაც ოფიციალურ მაჩვენებლებში სათანადო ასახვას ვერ პოულობს.

,,ეპიდემიურ პერიოდში როგორც იმპორტი, ასევე ადგილზე გაყიდვებიც მაღალ დონეზე შემცირდა. როგორც აღმოჩნდა, დილერების უმეტესობა გაკოტრებულია და უკვე ალტერნატიული საქმიანობის წამოსაწყებად ეძებენ გზებს, რათა თავი გადაირჩინონ. ასეთ დროს საუბარი, რომ იმპორტი 18%-ით შემცირდა, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელი მგონია, სინამდვილეში გაცილებით მეტი კლებაა. იმპორტი განახევრდა და მეტადაც კი შემცირდა,  ამის ერთ-ერთი მიზეზი ადგილზე მანქანების მაღალი ფასია, 30-40%-ით გაძვირდა და შემოყვანილი მანქანების გაძვირებას კი ვერავინ ბედავს, ისედაც არ იყიდება და მომხმარებელი უფრო მეტად დაფრთხება. წაგებაზე კი არავინ იმუშავებს. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორია, შეიძლება ითქვას, რომ ღრმა კრიზისია, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე report.ge-თან.

ასეთ ფონზე, როგორც იმპორტიორი ვასო წულეისკირი ამბობს, მთავრობამ ყველა რესურსი უნდა აამოქმედოს, რათა საშიში ვირუსით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს და ბიზნესმა ამ პრობლემის დაძლევა შეძლოს.

,,უამრავი იმპორტიორია, რომელსაც ბიზნესის ოპერირების კუთხით დღეს სერიოზული პრობლემა აქვს. რამდენიმე ტიპის შეღავათი მოქმედებდა ბიზნესში, თუნდაც განბაჟების ვადასთან დაკავშირებით, ამან გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამ, რომ ამ სიტუაციიდან ავტოიმპორტიორენ ნაკლები დანაკარგით გამოვიდნენ, როგორც ეს ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებითა და მხარდაჭერა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ კომპანიებს, რომ არ გაკოტრდნენ. მთავარია, ვირუსის კუთხით სიტუაცია დასტაბილურდეს და ეს ბიზნესმაც იგრძნოს", - აცხადებს ვასო წულეისკირი report.ge-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2020 წელს 226 000-მდე მანქანა გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან ავტომობილების გადაყიდვები საქართველოში წლიურად 18%-ით შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში.

მათი ინფორმაციით, 2020 წელს ავტომობილების განბაჟება რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად ავტოდილერები იძულებულები გახდნენ განებაჟებინათ ავტომობილები და განბაჟება 9.1%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მეორად, ეკონომიურ მანქანებს ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით ჰიბრიდებს. 2020 წელს განბაჟებული ავტომობილების 86% (67.0 ათასი მანქანა) 2.5 ლიტრიანი ან უფრო პატარა ძრავის მქონე იყო. ქართველები ჰიბრიდებს ანიჭებენ უპირატესობას ეკონომიურობის გამო. 2019 წელს საქართველოში განბაჟებული ავტომობილების 34.6% ჰიბრიდი იყო, ევროკავშირში კი 5.9% (სულ 15.2 მლნ მანქანა, აქედან 0.9 მლნ ჰიბრიდი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system