თავში

ეკა ლალიაშვილი: ავტომობილი გამონაბოლქვზე ქუჩებში უნდა შემოწმდეს და დაჯარიმდეს

ავტომობილი გამონაბოლქვზე ქუჩებში უნდა შემოწმდეს და დაჯარიმდეს

„ჩვენ მიზნად გვესახება გამონაბოლქვის კონტროლი ქუჩაში“ , - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ინსპექტირების ცენტრების ძირითად ნაწილში შემოწმება სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებთ ერთჯერად მანიპულაციებს, რასაც მძღოლები მიმართავენ.

ამასთან, ლალიაშვილის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა მძღოლებს ავტომობილის შეკეთებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. ამასთან, პრობლემად რჩება ქუჩებში იმ მანქანების გადაადგილება, რომელთაც ტექინსპექტირება ვერ გაიარეს. ამიტომ, ეკა ლალიაშვილის განმარტებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, სხვა შემთხვევაში რეფორმა შეიძლება არაეფექტურად ჩაითვალოს.

„ტექინსპექტირების წლევანდელი წელი პრაქტიკულად იწურება. შეიძლება ითქვას, რომ გამართულობის თვალსაზრისით, უკეთესობაა. იცით, ჩვენი ავტოპარკი რა ვითარებაშია და მისი ბოლომდე გამოსწორების მოლოდინი არ იყო, მაგრამ სერიოზულ გამოწვევად რჩება გამონაბოლქვი. ავტომობილი, რომელსაც წესით უნდა ჰქონდეს ინსპექტირება გავლილი, მაგრამ შავ გამონაბოლქვს უშვებს, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებასაც იწვევს. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან მოვისმინოთ შემდეგი ნაბიჯები და გეგმები, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლიდან იმისათვის, რომ გამონაბოლქვი აღარ ვიხილოთ ქუჩაში. ჯერჯერობით ასეთ გეგმას ვერც ვხედავთ და ვერც ვისმენთ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ის პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრირების მექანიზმი კიდევ უფრო გასამკაცრებელია. მისივე თქმით, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია.

„ჩვენ მიზნად გვესახება გამონაბოლქვის კონტროლი ქუჩაში. ვიცით, რომ გარკვეული გეგმები არის, აქტიურად დაანონსება გვსურს, რათა ყველა მძღოლმა გაიგოს, რომ მობილიზებულები იყვნენ და თავადაც ჰქონდეთ მოლოდინი - თუ მათი მანქანები დასაშვებ ნორმაზე მეტ გამონაბოლქვს უშვებენ, დაჯარიმდებიან. განცდა უნდა შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. ეს განცხადება და ამისი ადმინისტრირება სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მეორე მხრივ, ვსაუბრობთ, რომ აღსრულების მექანიზმი, 30 დღიანი კალენდარული დღის ნაცვლად, შეიცვალოს და იყოს უფრო ნაკლები - 72 საათი. ამაზეც იყო საუბარი. საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც ვიცით, მომზადებულია, ოღონდ ამას სჭირდება ნაბიჯების დროულად გადადგმა და არა - გაწელვა“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system