თავში

ავტოპარკში დაზღვეული ავტომობილების წილი გაიზარდა

ავტოპარკში დაზღვეული ავტომობილების წილი გაიზარდა
ავტოპარკში დაზღვეული ავტომობილების წილი გაიზარდა

ბოლო სამ წელში ავტოპარკში დაზღვეული ავტომობილების წილი 4-დან 7%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ავტოპარკი ჰყავს რეგიონში, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში განახლების საჭიროებაზე მიუთითებს.  ანალიტიკოსების განმარტებით, მოძველებული ავტოპარკის არსებობაზე მიუთითებს ტექ-ინსპექტირების შედეგებიც, რადგან პირველად შემოწმებას ძირითადად 10 წლის ზემოთ ასაკის ავტომობილები ვერ გადიან. 

ცნობისთვის, საქართველოში ავტომობილის ტექ-ინსპექტირება სავალდებულოა 2018 წლის იანვრიდან, 4-8 წლის მანქანებისთვის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 8 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანებისთვის ყოველწლიურად, 0-4 წლის მანქანებისთვის არ არის სავალდებულო. პირველადი ტექ-ინსპექტირების ვერ გავლის შემთხვევაში, ავტომფლობელს ეძლევა 1 თვიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შენიშვნა. პირველადი ინსპექტირების შედეგებში ხვდება ავტომობილი, რომელიც პირველად გამოცხადდა ტექ-ინსპექტირებაზე და ასევე ავტომობილი, რომელიც დახარვეზებისას მიცემული 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე. ხოლო განმეორებითი ინსპექტირების შედეგებში ხვდება ავტომობილი, რომელიც დახარვეზების შემდეგ 1 თვის ვადაში გამოცხადდა განმეორებით ინსპექტირებაზე.

galt and taggart-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, 2017 წლიდან ავტომობილებზე მოქმედი აქციზის განაკვეთები უბიძგებს შედარებით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების იმპორტს საქართველოში, რაც ზრდის მოთხოვნას ავტო დაზღვევაზე. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილი მთლიან ავტოპარკში 2019 წლისთვის 7%-მდე გაიზარდა 2016 წელს არსებული 4% -დან.

კვლევის მიხედვით, მოძველებული ავტოპარკი ხელს უშლის ავტო დაზღვევის განვითარებას საქართველოში, რადგან არც ავტომფლობელებს და არც სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ ძველი ავტომობილების დაზღვევის მოტივაცია. 

"ავტო დაზღვევა სხვა სადაზღვევო პროდუქტებთან შედარებით მაღალი ზარალიანობის კოეფიციენტით გამოირჩევა. 2019 წელს საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის ზარალიანობის კოეფიციენტი 73% იყო, რაც ყველა სხვა სადაზღვევო პროდუქტზე მაღალია, გარდა ჯანმრთელობის და ვალდებულებათა შესრულების დაზღვევისა. ავტოპარკის განახლება საშუალო ვადიან პერსპექტივაში სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას მისცემთ გაზარდონ დაზღვეული ავტომობილების პორტფელი და ამ გზით შეიმცირონ სადაზღვევო რისკი," - განმარტებულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system