თავში

ბანკებმა 747 მილიონით იზარალეს

ბანკებმა 747 მილიონით იზარალეს
ბანკებმა 747 მილიონით იზარალეს

ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს და როგორც ყველა სხვა ბიზნესს, ისე საბანკო სექტორს შეიძლება ჰქონდეს როგორც მომგებიანი, ისე წამგებიანი წლები. 

ბოლო ზარალიანი პერიოდი საქართველოს საბანკო სექტორისთვის 2008-09 წლები იყო, რის შემდეგაც სექტორი საკმაოდ მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, ეკონომიკის ციკლურობა გათვალისწინებული უნდა იყოს და მომგებიანი წლების დროს უნდა ხდებოდეს საკმარისი ბუფერების დაგროვება, რათა წამგებიან წელს სექტორი შესაბამის მზადყოფნაში შეხვდეს. 

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად ამკაცრებდა საზედამხედველო მოთხოვნებს, რის გამოც დღევანდელ გამოწვევას საბანკო სექტორი მომზადებული ხვდება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა. 

წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. 

"ეს, ძირითადად, COVID-19-დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით არის განპირობებული. კერძოდ, საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები," - განმარტავს ეროვნული ბანკი.

წინა პერიოდებში საბანკო სექტორი მომგებიანი იყო. 2019 წელს ინდუსტრიის საშუალო წლიურმა მოგებამ (ROE) 20% შეადგინა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა კაპიტალის ადეკვატურობის ფარდობა (CAR) მაღალ დონეზე აეყვანათ.

ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სექტორის ყოველწლიური საშუალო მოგება 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს მხოლოდ პირველი 3 თვის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარია. 

ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო, წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს, თუმცა აღნიშნული სოლიდური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system