თავში

ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში რეალიზაციის არნახული კლებაა

ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში რეალიზაციის არნახული კლებაა
ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში რეალიზაციის არნახული კლებაა

ღია ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში მომუშავეები აცხადებენ, რომ ეპიდემიისა და ლოკდაუნისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ. მათი ინფორმაციით, მომხმარებლების არნახული სიმცირე შეიმჩნევა როგორც სამუშაო, ასევე უქმ დღეებშიც. ,,ლილო მოლის" ელექტრონული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექციის მოვაჭრე ლეილა დუნდუა report.ge-თან ამბობს, რომ  გაყიდვებიდან მიღებული თანხით გადასახადებს ძლივს უმკლავდება, ხოლო მორიგი შეზღუდვის შემთხვევაში, ოჯახს ლუკმა-პურის ყიდვის შესაძლებლობაც მოესპობა.

,,ტექნიკის ყიდვაზე არავინ ფიქრობს, ხალხი კვების ხარჯს ძლივს უმკლავდება. მე პირადად, უკვე ოჯახის რჩენა ძალიან მიჭირს, მთელი დღე შეიძლება იმუშაო და გადასახადის ფულსაც ვერ მოუყარო თავი. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დრო გაიყინა. შეზღუდვის მოხსნას ველოდით მოუთმენლად, მაგრამ სიტუაცია მაინც არასახარბიელოა. შარშანდელი, დარჩენილი პროდუქციის ამოყიდვაზე ვმუშაობთ, რომ როგორმე აღვიდგინოთ ძალები და ახალი საქონელი შემოვიტანოთ. ისევ თუ ჩაგვკეტავენ, ბოლო შანსსაც დავკარგავთ, ახალი ,,ლოკდაუნი" პირწმინდად გაგვაკოტრებს", - ამბობს ლეილა დუნდუა.  

ანალოგიური მდგომარეობაა სავაჭრო ცენტრ ,,პასაჟში", რომლის დასაქმებული მოვაჭრეების თქმითაც, კრიზისულ სიტუაციას ვერ უმკლავდებიან. ფეხსაცმლის სექციის მოვაჭრის, ლია გულედანის თქმით, ფასები თითქმის გაანახევრეს და რეალიზაცია მაინც უჭირთ.

,,ახალი პარტიების შემოსატანად ვემზადებით, ძველი საქონლის ფასები 50%-ით შევამცირეთ, მაგრამ მაინც გვიჭირს გაყიდვა. გახსნიდან 15 დღე მხოლოდ იმისთვის ვიმუსავე, რომ გადასახადები გადამეხადა. კვების ფულსაც ვერ მოვუყარე თავი, თავდაუზოგავად ვმუშაობ და ვერ ვშოულობ იმდენს, რომ აუცილებელი საკვები მივიღო. ახლა იმ ეტაპს გავდივართ, როცა ყველა ღონე უნდა იხმარო კრიზისული სიტუაციის გასამკლავებლად. პირველ რიგში, მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს შემოსავალი, რომ ყიდვა შეძლოს, ყველაფერი ეპიდემიაზეა მიბმული. წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დაგვემართოს, თუკი ისევ ჩაგვკეტავენ, შეიძლება, საერთოდ ვერ გავხსნათ მაღაზია",-  ამბობს მოვაჭრე report.ge-თან.

ანალოგიური მდგომარეობაა ავეჯის ბიზნესშიც, რომელიც პანდემიის გამო, რამდენიმე ლოქდაუნმა განსაკუთრებით დააზარალა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ არსებული პრობლემები მათთვის ძნელად გადასალახი აღმოჩნდა.

,,კატასტროფულად შემცირებული მოთხოვნაა. ეპიდემიამდე თუ მოთხოვნას ვერ ავუდიოდით და შეგვეძლო აქტიურად გვემუშავა ონლაინ გაყიდვებითაც, ახლა ორივე მიმართულება პრაქტიკულად გაჩერებულია. ვითვლებით, რომ ვმუშაობთ, თუმცა რეალურად მძიმე სიტუაციაა. საქმე იქამდე მიდის, რომ კომუნალური გადასახადების გადახდას უნდა დავახარჯოთ მთელი რესურსი, დიდი ჩავარდნაა. ხალხი უნდა დასაქმდეს, რომ ადამიანებისთვის ახალი ავეჯის ყიდვა აუცილებლობას წარმოადგენდეს, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ. ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ იკმაყოფილებს ხალხი, ძალიან მძიმე სიტუაციაა", - ამბობს ,,საბას" მოვაჭრე მარინა ლომიძე.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ მთავრობასთან არაერთხელ ჰქონდათ გაჟღერებული თხოვნა, ბიზნესის შეჩერების პერიოდში ქონების გადასახადი არ გადაეხადათ, რადგან ამ ფინანსურ ვალდებულებას სექტორი გაკოტრებისკენ მიჰყავს, თუმცა ეს თხოვნა დღემდე ვერ შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით 8 მარტიდან განახლდა. ეს ეხება, როგორც სავაჭრო მოლებს, ისე ბაზრობებს.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა საქართველოში პირველი თებერვლიდან აღდგა, ხოლო ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system