თავში

ბექა ნაცვლიშვილი: "ფრონტერას" საკითხზე მთავრობის პოზიცია ქართული უსუსურობაა

"ფრონტერას" საკითხზე მთავრობის პოზიცია ქართული უსუსურობაა
ბექა ნაცვლიშვილი: ფრონტერას საკითხზე მთავრობის პოზიცია ქართული უსუსურობაა

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი, ამერიკელი კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილს გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

დეპუატატის თქმით, ქართველი პოლიტიკოსების გუშინდელმა განცხადებებმა კონგრესმენ მალინის წერილზე კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული პოლიტიკური კლასის პროვინციული ხასიათი. მისი შეფასებით, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ წერილს დიდი სიხარულით შეხვდა, არის კოლონიური ცნობიერების პოლიტიკოსი. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

„ვისაც რეალურად აინტერესებს, რა ხდება „ფრონტერას“ საკითხზე, შეუძლია, დედოფლისწყაროში ჩავიდეს. მე-11 თვეა, ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. ვისაც გული შესტკივა კომპანია „ფრონტერას“ მიმართ, ამ კომპანიის საქმიანობას გადახედოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. იქ ადამიანებს სპეცაღჭურვილობაც არ აქვთ, რომლითაც ისინი უნდა მუშაობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი. ეს ქართული უსუსურობაა, რომ ვერც ინფორმაციას აწვდის, ვერც თავს იცავს და ვერც საკუთარ მოქალაქეებს. ამერიკელი კონგრესმენი თავს უფლებას აძლევს, მოგვიწოდოს და ეს კომპანია დაიცვას. კონგრესმენი ამ თავისი განცხადებით, იმ კომპანიის უფლებებს იცავს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს პირდაპირ არღვევს და ექსპლუატაციას ახდენს საქართველოს მოქალაქეების და იქ დასაქმებულების. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყნის ბედი არავითარ შემთხვევაში ხელში არ უნდა ჩავუგდოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. ამერიკელი კონგრესმენი „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

მარკუეინ მალინი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს მტრულ დამოკიდებულებას ამერიკული კომპანიების მიმართა.

"ვიმედოვნებ, რომ საქართველო განაგრძობს, იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system