თავში

"ბევრილი ჯგუფი" "Tv-პირველს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

"ბევრილი ჯგუფი" "Tv-პირველს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
ბევრილი ჯგუფი  Tv-პირველს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

"ბევრილი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს 2020 წლის 24 ოქტომბერს "Tv-პირველის"  ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ბიზნესჯგუფში ამბობენ, რომ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. მათივე მტკიცებით, 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი დომინირებს, რომელთა შორისაა ადგილობრივი-ქართული, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ხორბალი. საქართველოში წარმოებული ხორბალი სასურსათო მარაგების შესავსებად საკმარისი არ არის, ხოლო კლიმატური პირობების გამო, ყაზახეთში სექტემბრამდე ხორბლის მოყვანა ვერ ხორციელდება, რის გამოც, მისი შემოტანა საქართველოში ნოემბრის თვემდე შეუძლებელია, რაც ქმნის ქვეყნის სასურსათო მარაგების დეფიციტს და აუცილებელი ხდება ბაზრების დივერსიფიცირება. გასულ წელს ხორბლის იმპორტი განახორციელა 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა. წლების მიხედვით იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია და ბაზარზე არ ფიქსირდება დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი. ბოლო წლებში კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა, რასაც მოწმობს კონკურენციის სააგენტოს 2020 წელს გამოქვეყნებული დასკვნაც, რომელიც საჯაროა. რაც შეეხება პურის ფასს და მასზე რომელიმე ერთი კომპანიის გავლენას, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ წარმოებული პური საერთო მოთხოვნადი რაოდენობის 0.1%-ს შეადგენს, ამ მონაცემების გამო, ის არ ითვლება პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიათა რიგში და მისი გავლენა პურის ფასის ცვლილებაზე პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება. ჩვენ შევახსენებთ მაუწყებლებს სამართლებრივ რეგულაციებს და მოვუწოდებთ, მიაწოდონ საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია, რისთვისაც გამოვთქვამთ მზაობას ნებისმიერ საეთერო დროს პირდაპირ ეთერში ფაქტებით დავადასტუროთ მონაცემების სისწორე," - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბევრილი ჯგუფის" იურისტი, ლევან გვრიტიშვილი ამბობს, რომ კომპანია მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ფიქრობს სამართლებრივი გზებით საქმიანი რეპუტაციის დაცვას სასამართლოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system