თავში

თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 20%-ით შემცირდა

ბინების ბაზრის ღირებულება 20%-ით შემცირდა
თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება 20%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოს დედაქალაქში ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 8,593 ერთეული შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია Colliers International Georgia-ს 2020 წლის უძრავი ქონების ბაზრის შემაჯამებელ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.

უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, 2020 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2020 წელს ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტები წინა წლის მაჩვენებელს 43% და 40%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 4%-ით შემცირდა.

2020 წლის მეორე ნახევარში ახალაშენებული ეკონომ სეგმენტის ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში კი 28% და 46%-ით შემცირდა.

2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 672 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) შემცირდა და 638 აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system