თავში

ბიუროკრატიული ხარჯი - საჯარო სფეროს სისტემური ხარვეზი

ბიუროკრატიული ხარჯი - საჯარო სფეროს სისტემური ხარვეზი
ბიუროკრატიული ხარჯი - საჯარო სფეროს სისტემური ხარვეზი

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული (ზოგიც მხოლოდ ფორმალურად) ასიათასობით ადამიანი ისე ფინანსდება, რომ რეალურად არანაირი ვალდებულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ  არჩევნებში გარანტირებული ხმებია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამის შესახებ report.ge-თან იურისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს.  ამით გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ზარალდება, ირღვევა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაც საჯარო სექტორის მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებითაც.

,,წლებია, ეს მანკიერი პრაქტიკა წესად იქცა და ცხოვრების სტილად დაუმკვიდრდა ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას. სისტემურად ჩამოყალიბდა ის, რომ სსიპ-ები, აიპ-ები და საჯარო სექტორის სხვადასხვა სფერო ქცეულია დასაქმების ბიუროდ იმ ადამიანებისთვის, რომელთა პოლიტიკურ ლოიალობას ყიდულობს ხელისუფლება. არა მარტო ამ ადამიანების, მათი ოჯახის წევრებსაც კი, თორემ ამდენი თანამშრომელი ბიუროკრატიას არ სჭირდება. ამასთან, საკმაოდ სახიფათო ზღვარს მიაღწია უკვე საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ. მხედველობაში მაქვს არა მარტო კონკრეტული საწარმოები, არამედ მთლიანად სამინისტროები, მუნიციპალიტეტები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ფინანსდებიან. ასოცირების შეთანხმებით, ევროპის წინაშე ჩვენ ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ განვახორციელებთ საჯარო სექტორის მმართველობის რეფორმას. შესაბამისად,  საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა ამ სფეროს სისტემურად მოწესრიგება, მათ შორის, გაზრდილი სსიპ-ებისა და აიპ-ებისა. თვითონ მთავრობას აქვს დამტკიცებული ევროკავშირის დღის წესრიგის ფარგლებში და დამტკიცებულია, მაგრამ ამ ვალდებულების შესასრულებლად მთავრობა არაფერს აკეთებს. თუნდაც სტრატეგია შემუშავდეს, დოკუმენტურ დონეზეც კი არ გაკეთდა არაფერი, რადგან იციან, რომ ეს იქნება სიგნალი პოლიტიკური ლოიალობისთვის დასაქმებული ადამიანების შემცირებისთვის. ამდენად, ერთია, საარჩევნოდ დახარჯული თანხა, მაგრამ მეორეა ის ფული, რაც ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

როგორც იურისტი განმარტავს, პრობლემა მწვავეა იმ ფონზეც, რომ საქართველოს ეკონომიკა არ გამოიმუშავებს იმდენს, რასაც ამხელა ბიუროკრატიის შენახვა მოითხოვს. მით უმეტეს, როდესაც პანდემია მძვინვარებს და ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერებულია, საბიუჯეტო შემოსავლები სერიოზული კლების ტენდენციით ხასიათდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად განულებულია, ამ პირობებში საიდან უნდა დაურიგდეს ამ ადამიანებს ხელფასი, წარმოუდგენელია. 

,,არც ერთი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას არ ფიქრობს, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, ამ სექტორში მომუშავე და მათი ოჯახის წევრები, უკვე გარანტირებული ამომრჩევლების ხმაა ხელისუფლების ჯიბეში! ეს არის მთელი დიაგნოზი, ხოლო საზოგადოება, 20 წელია უკვე, ამ რეალობაში იმყოფება. არც ერთმა მთავრობამ ამ პრობლემას სისტემურად არ შეხედა. მეტიც, თავისი წვლილი შეიტანა, გაზარდა მათი რაოდენობა. 5 წლის წინანდელი მონაცემით, 2,5 მილიარდ ლარს შეადგენდა ამ სექტორში წლიურად დახარჯული ფული, ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მეტია. რკინიგზა გამონაკლისი არ არის, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ სიახლეა, რომ ზრდის ტემპი გაიზარდა იმ ფონზე, როცა სამგზავრო და სატრანზიტო გადაზიდვებიდან შემოსავლები კატასტროფულად მცირდება. არაფერს ვამბობ სატვირთო გადაზიდვებში არსებული არაკეთილსინდისიერი, საეჭვო გარიგებების თაობაზე, რასაც ,,საქართველოს რკინიგზაში" აქვს ადგილი", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი report.ge-თან.

ბიუროკრატიის ხარჯის მასშტაბურ შემცირებაზე საუბრობს ფინანსისტი დავით წიქარიძე, რომელიც მომხრეა, რომ ფული, რითაც სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანები დაუმსახურებლად ფინანსდებიან, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდეს. 

,,საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ უზარმაზარი ბიუროკრატიული ხარჯი გასწიოს. საბოლოოდ ისევ მოსახლეობა და ქვეყნის ინტერესები ზარალდება, რადგან ეს ხარჯი ტვირთად გვაწევს. კანცელარიასა და მუნიციპალიტეტებში, მერიებსა და საკრებულოებში ათიათასობით დაქირავებული ადამიანი ჰყავთ, რომელთაც სახელმწიფო ფულს მუქთად უხდის. ხოლო ეკონომიკური პრობლემები მოდის ცუდი მენეჯმენტის, დაუგეგმავი ბიუჯეტის და არამიზნობრივი ხარჯების გამო. ბიუროკრატია არის შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. აქამდე ვამბობდი, რომ ხარჯი უნდა განახევრდეს, მაგრამ უკვე იმ პოზიციაზე ვარ, ესეც არასაკმარისად მიმაჩნია. ბიუროკრატიული ხარჯი 80%-ით უნდა შემცირდეს, სხვა შემთხვევაში, არსებულ პრობლემას არაფერი უშველის და ეკონომიკა თავს ვერ დააღწევს კრიზისს, რომელშიც ეპიდემიის გამო აღმოჩნდა", - ამბობს დავით წიქარიძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზაში დასაქმებული 13 000 რკინიგზელის სახელფასო ფონდი ბოლო წლებში 22% ითაა გაზრდილი, 2013 წელს შეადგენდა 133.5 მლნ ლარს, 2020 წელს - 163.6 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრიდან აცნობეს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილის დათვლით, ერთ მომუშავეზე საშუალო ხელფასს, 2013 -2020 წლებში 856 ლარიდან 1049 ლარამდეა გაზრდილი. მისივე მტკიცებით, საქართველოს რკინიგზაში შემოსავლის 95% აშშ დოლარში და შვეიცარიულ ფრანკში ფორმირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system