თავში

ბიზნესი ზარალს ითვლის

ბიზნესი ზარალს ითვლის
ბიზნესი ზარალს ითვლის

ლარის  არანორმალურად დაცემული კურსი იმპორტს და ადგილობრივ წარმოებასაც პრობლემას უქმნის. საფრთხე აბსოლუტურად ყველა ბიზნესს შეეხო. მწარმოებლების ინფორმაციით, მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობა იმ დონეზე შემცირდა, რომ თითქმის ყველა პროდუქტის რეალიზაციამ იკლო. როგორც იმპორტიორები აღნიშნავენ, სწორეს ეს გახდა იმპორტის შემცირების მიზეზი  და არა ეკონომიკაში რაიმე სახის დადებითი ძვრა, რა შეფასებაც მთავრობისგან მიეცა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მონაცემით,  2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. 

ფასები მუდმივად მატულობს, ხოლო უკვე გაძვირებული პროდუქტის გაიაფება  უკვე ლარის გამყარების პირობებშიც შეუძლებელი ხდება. სულ მცირე, კურსი 2,80-მდე უნდა ჩამოვიდეს, რომ გავლენა ფასებზეც აისახოს, ამ პერსპექტივას კი ლარი რეალურად მოკლებულია. 

,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ფასებზე ძირითადად ლარის კურსის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა და საწვავის ფასის მატება მოქმედებს.

„კურსი არანაირ ამინდს არ შექმნის, თუ  2,80-იან ნიშნულს არ დაუახლოვდება. სავალუტო კრიზისმა რადიკალურად შეცვალა ვითარება. სულ მცირე, 10-15 პუნქტით უნდა გამყარდეს ლარი, რომ ბიზნესმა მცირე შვება იგრძნოს. პურის გარდა, პირველადი მოხმარების ყველა პროდუქტის ღირებულება გაზრდილია. სადისტრიბუციო კომპანიები და მწარმოებლები გაძვირებისგან ყოველთვის თავს იკავებდენ, მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.  2.8-ს გასცდენილი კურსი არის კრიტიკული ნიშნული, რასაც დიდი სხვაობით გადავაბიჯეთ. ბიზნესი ზარალიანი გახდა და ბევრი მათგანი დღეს განადგურების პირასაა. კურსთან ერთად, ინფლაციაც იზრდება და ხალხი სურსათს ვერ ყიდულობს. შესაბამისად, იმპორტიც შემცირდა, თუ ვინმე ამ ფაქტორს დადებითად უყურებს, ნამდვილად არ არის ასე, რადგან პროცესი რეალურად ჩვენი მოქალაქეების მსყიდვითუნარიანობის კლებით არის გამოწვეული", - განუცხადა report.ge-ს ივა ჭყონიამ.

ქართველი ბიზნესმენები ამბობენ, რომ ლარის კურსმა წარმოებას განვითარების ყველა შანსი მოუსპო.

კომპანია ,,ზედაზენის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პირდაპირ ამბობს, რომ კომპანიაში ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და სამომავლოდ მეტ პრობლემას ელის.

,,ლარის კურსი და ინფლაცია საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. რა მიმართულებაც არ უნდა ავიღოთ, ყველგან ერთი და იგივე ვითარებაა. ბიზნესი მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა. არ არსებობს ისეთი სეგმენტი, რომელიც ლარის გაუფასურების მავნე გავლენას გადაურჩა.

ნედლეულის ფასმა მოიმატა და ძვირდება აბსოლუტურად ყველაფერი, რის პარალელულარადაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაეცა. ამან კატასტროფული ვითარება შექმნა როგორც გაყიდვასთან დაკავშირებით, ასევე წარმოებაშიც, განვითარებაზე კი საუბარიც ზედმეტია. ზუსტი მონაცემი, თუ რამდენით შეგვიმცირდა რეალიზაცია, ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება, მაგრამ კლება სახეზეა. გაუარესებულია ფინანსური ვითარება, ასეთ დროს სტაბილურობაზე საუბარი გვიჭირს", - ამბობს  ჩოჩელი.

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system