თავში

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით აგროცენტრი შეიქმნა

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით აგროცენტრი შეიქმნა
ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით აგროცენტრი შეიქმნა

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით აგროცენტრი შეიქმნა. გროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აგროცენტრი 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიცაიტივის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს, როგორც საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებებით ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ისე მარკეტინგული და იურიდიული მომსახურებით. ასევე, ცენტრი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის დანადგარებით, სადაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად ფერმერს შეუძლია წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში, ადგილზე ქვევრიდან ღვინის გადაღება, გაფილტვრა, შესაბამის ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებს, ასევე აწვდის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციას და ცოდნას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საქმიანობებს საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის საწარმოო შესაძლობლობების კვლევა, სადაც პირველად საქართველოში მუნიციპალიტეტის დონეზე გამოყენებული იყო კლასტერული მიდგომა. ამ მიდგომამ გამოავლინა მუნიციპალიტეტში არსებული მეღვინეობის პრეკლასტერი. ასევე, კვლევამ გამოკვეთა აგროწარმოების, ტურიზმის, სამშენებლო მასალებისა და ინტეგრირებული კლასტერის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოკვეთა ამ კლასტერების ეკონომიკური სარგებელი.

აგროცენტრი ბოლნისის შესასვლელში, ცენტრალურ ქუჩაზეა განთავსებული, შენობაში ასევე გათვალისწინებულია სივრცე, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრები გამართონ. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელია (63,38%), ხოლო 5,02 სომეხი. სწორედ ამიტომ, ცენტრი მომსახურებას სთავაზობს როგორც აზერბაიჯანულ ისე სომხურ ენებზეც. ამჟამად, ცენტრში დასაქმებულია თერთმეტი ადამიანი, მათგან ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

„ძმების მარანი“ ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში გაშენებული მათი ახალი „ჩინურის“ ვენახი უკვე ხუთი წლისაა. გურამ ავქოფაშვილი და მისი ძმა გიორგი ოჯახის მეოთხე თაობაა, რომლებიც ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობას ეწევიან, თუმცა გასაყიდად ღვინის წარმოება და ბოთლში ჩამოსხმა 2015 წელს დაიწყეს, თუმცა, სხვა მეღვინეების მსგავსად, მათაც ჰქონდათ ღვინის გაფილტვრის, ჩამოსხმის, ეტიკეტირებისა და მოძველებული ღვინის შესანახი ჭურჭლის პრობლემა, რაც აგროცენტრმა გადაუჭრა. „ძმების მარანი“ ღვინოს თავდაპირველად საქართველოს ბაზრისთვის ამზადებს, მომავალში კი მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

“ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რაც კი განხორციელებულა. მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ შრომა გაუადვილდეთ და წარმოება გააფართოვონ. ბოლნისის 900-მდე საოჯახო მეღვინეობა აგროცენტრის მომსახურებით ისარგებლებს, რადგან მომსახურებაზე ძალიან დაბალი ფასებია. რაც მთავარია, ბოლნისში ინერგება ღვინის წარმოების ევროპული სტანდარტები. ამიტომაც არ გვეშინია ბოლნისელებს, რომ იმ 150,000 ბოთლს გავყიდით, რომელსაც შარშანდელი მოსავალით წელს ჩამოვასხამთ აგროცენტრში“ - ამბობს გურამ ავქოფაშვილი.


კიდევ ერთი მეწარმე, რომელმაც აგროცენტრით უკვე ისარგებლა, მერი მახარაძეა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველიდანაა და ყველის წარმოებას ეწევა. სოფელი აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ამჟამად საწარმოში ცხრა ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული. საწარმო „დისველი“ ადგილობრივი რძისგან აწარმოებს ქართული ყველის სხვადასხვა სახეობას და დღეში 2 ტონამდე რძის გადამუშავებას ახდენს. საწარმო აღჭურვილია სურსათის უვნებლობის სტანდარტებით, ადგილზე ხდება პროდუქციის ეტიკეტირება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

„ამ ეტაპზე, დოკუმენტების მოწესრიგება გვჭირდებოდა, იურიდიული დახმარება მივიღეთ ცენტრისგან და დოკუმენტები მოვაწესრიგეთ. როდესაც საწარმო გაფართოვდება, დაგვჭირდება შემდგომში შეფუთვის მომსახურებაც და აუცილებლად ვისარგებლებთ,” -ამბობს მერი მახარაძე.



ევროკავშირმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიციატივის ფარგლებში საგრანტო კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” სამ საუკეთესოში მოხვდა და დაფინანსებაც მიიღო, ჯამში 320 000 ევრო.

„მაშინვე, დავიწყეთ შეხვედრები, თუ რა საჭიროებები იყო მუნიციპალიტეტში. გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო ადგილობრივი სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობა. თავიდან არ იყო გათვალისწინებული შენობის აშენება. პროექტი ითვალისწინებდა საჭირო ინვენტარს და ადგილის გამოყოფას აგროცენტრისთვის, მუნიციპალიტეტმა დაინახა ევროკვშირის მხარდაჭერა და მერე მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ შენობა. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ევროკავშირის პატარა ინიციატივით დიდი საქმის კეთება,” -ამბობს ნატალია კაკაბაძე, M4EG პროექტის მენეჯერი.

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მიმართულება, ტურიზმის განვითარებაც დაფინანსდა. სწორედ ახლა მთავრდება სამუშაოები, ბოლნისის ცენტრში ისტორიულ ნაწილში, სადაც მომავალში კაფეები, სასტუმროები და რესტორნები მოეწყობა. მერი აბრამიშვილის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის, თქმით, „ქალაქის ცენტრში, “კატერინენფელდის” დასახლებაში სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის უკვე მთავრდება. უბანი, გერმანელი ემიგრანტების აშნებულია. გაკეთდა ინფრასტრუქტურა, ფასადები, ტროტუარები, განათებები, ქვაფენილი და ტურისტული მარკირების ნიშნები. წელს ასევე დაგეგმილი იყო ტურისტული სექტორის გადამზადება, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო და ახლა ამის გაკეთება დისტანციურად იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system