თავში

ბოსტნეულის წარმოება მზისა და მიწის გარეშე საქართველოში - PHOTO

ბოსტნეულის წარმოება მზისა და მიწის გარეშე საქართველოში
ბოსტნეულის წარმოება მზისა და მიწის გარეშე საქართველოში - PHOTO

საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების ურბანული მეურნეობის განვითარების ხელმძღვანელმა ტუსია ღარიბაშვილმა განაცხადა.

მზისა და მიწის გარეშე ოთახის პირობებში თაროებისგან შეკრულ სტელაჟზე ბოსტნეულის მოყვანის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და სათბური ბაზარზე პროდუქციის გატანას იანვრიდან იგეგმება.

ტუსია ღარიბაშვილის განმარტებით, ამგვარ სათბურში შესაძლებელია ისეთი მწვანილისა და ბოსტნეული მოყვანა, როგორიცაა სალათის ფოთლები, ბაზილიკა, ტარხუნა, მარწყვის მსგავსი კენკროვანი კულტურები. ტექნოლოგიურ სათბურში ქართული ვაზის გამოყვანაც არის დაგეგმილი. 

„ე.წ. სფეის ფარმსის [ანუ კოსმოსური ფერმის] შექმნის საამაყო პროექტი საქართველოში უკვე არსებობს. ეს პირველი ვერტიკალური სრულიად კონტროლირებადი სათბურია, რომელიც სასტუმრო „სტამბაში“ 155 კვადრატულ მეტრზე დგას და ექვსი თაროსგან შედგება, რომელიც შვიდი სართულისაა. აქ თვეში დაახლოებით 500-700 კილოგრამI ბოსტნეული მოგვყავს უწყვეტად, სეზონის მიუხედავად. საექსპერიმენტო პერიოდი დასრულდა და მომავალი წლის იანვრიდან გაყიდვებს ვიწყებთ. ჩვენ ნაყიდი გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რაც სენსორებითა და სხვადასხვა მაკონტროლებელი აპარატების საშუალებით მონაცემების სრულ ბაზას აგროვებს და ამის საშუალებით ვაკონტროლებთ ტემპერატურას, ტენიანობას, ნახშიროჟანგის [CO2] გამონაბოლქვის დონეს. ვაკონტროლებთ, რა სიხშირით ეცემა მცენარეს ე.წ ლედ განათების [LED] სპექტრუმები, რისი მეშვეობითაც მცენარეს ვზრდით. ეს კონტროლი საშუალებას გვაძლევს, ჯანმრთელი და ვიტამინებით სავსე პროდუქტი გავზარდოთ“, – განაცხადა ტუსია ღარიბაშვილმა.

პირველი ქართული ვერტიკალური სათბური იყენებს დამზოგავ ტექნოლოგიებს, რომელიც წარმოებისთვის აუცილებელი რესურსების ხელმეორედ გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიის წყალობით, თვეში 500-700 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანას მხოლოდ ერთი ტონა წყალი დასჭირდება.

"შემდეგი ეტაპი ლაბორატორია იქნება. იგეგმება, აშენდეს ისეთი ლაბორატორია, სადაც მარსის სიმულირებულ პირობებში შევძლებთ ვაზის გაშენებას. ამაში ერთვებიან მეცნიერებიც, ასტრობიოლოგებიც და შემდეგ ალბათ ნასა-ც ჩაერთვება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რომ ამ ლაბორატორიის განვითარებაში ხელი შეგვიწყონ. ვაზის კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტუსია ღარიბაშვილმა.

საქართველო ვერტიკალური სათბურების წარმოებაში ინოვატორი არ არის. იხილეთ მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური სათბურების ფოტოკოლაჟი:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system