თავში

ჩაანაცვლებს თუ არა აზერბაიჯანული ბიტუმი ირანულს

ჩაანაცვლებს თუ არა აზერბაიჯანული ბიტუმი ირანულს
ჩაანაცვლებს თუ არა აზერბაიჯანული ბიტუმი ირანულს

ბიტუმის იმპორტის  პერსპექტივა ისევ გაურკვეველია. ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის, რომელი ქვეყნით ჩაანაცვლებენ ირანს იმპორტის ამ კატეგორიაში. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ალტერნატივად განიხილება აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი და რუსეთი. მათ შორის, როგორც კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ერთ-ერთი ოპტიმალური გზაა ბიტუმის იმპორტი აზერბაიჯანიდან, რომელიც ისედაც ხორციელდებოდა. 

ერთადერთი დაბრკოლება, რაც შეიძლება აზერბაიჯანს შეექმნას პროდუქტის მოწოდების თვალსაზრისით, ბიტუმის რაოდენობაა. 

,,ცნობილი ფაქტია, რომ ირანიდან სანავთობო ბიტუმის შემოსვლა არ ხდება. ამ დროს საქართველოში იმპორტირებული და მოხმარებული პროდუქტის 85% ირანულია. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფასი იყო. ალტერნატივა არის რუსეთიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან, მაგრამ ეს გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ამ ქვეყნებიდან შემოსული ბიტუმი ტონაზე, დაახლოებით 50-100 დოლარის ფარგლებში გაძვირდება. ირანის შემდეგ იმპორტისთვის ხელსაყრელია აზერბაიჯანიც,  ერთ-ერთი ოპტიმალური გზაა აზერბაიჯანი, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად დააკმაყოფილებს იგი ჩვენს მოთხოვნილებას ბიტუმის რაოდენობასთან დაკავშირებით", - განაცხადა მთვრალაშვილმა report.ge-თან საუბრისას.

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის ფონზე, იდეალური მოცემულობა იქნება თუ ირანიდან გარკვეულ ვადაში  განახლდება ტვირთის შემოტანა, თუკი სიტუაცია  დაწყნარდება. 

,,უახლოეს პერიოდში სიტუაცია ჩამოყალიბდება. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა არ გაჩერდეს და მუმივ მოძრაობაში იყოს. გვექნება პრობლემა, შეფერხებები, მაგრამ პროექტები უნდა განხორციელდეს. რაღაც სეგმენტს თუ უჭირს, მაგრამ ინფრასტრუქტურული მიმართულება გამოსაცოცხლებელია, რომ წყვეტა არ გვქონდეს და ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა მცირედით მაინც შემსუბუქდეს", - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი. 

მთვრალაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ბიტუმის იმპორტი გავლენას ფასზეც მოახდენს და 1 ტონა პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 50-100 დოლარის ფარგლებში გაძვირდება.

რაც შეეხება ირანული ბიტუმის იმპორტის ბოლო მონაცემს, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში 4,6 ათასი ტონა იყო, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7,2 ათას ტონას შეადგენდა. 

აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ბიტუმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ირანი კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის შემცველ ქვეყნად იქნა აღიარებული. ირანიდან ბიტუმი საქართველოში, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანებით შემოდის, რომელთა გადაადგილების წესში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა და საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომები ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system