თავში

ჭარაია: დეფოლტის ალბათობას გამორცხავ

ჭარაია: დეფოლტის ალბათობას გამორცხავ
ჭარაია: დეფოლტის ალბათობას გამორცხავ

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი აუცილებლად უნდა დაგეგმილიყო, მაგრამ იმის ზუსტი პროგნოზირება, რომ 2021 წელი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ასახული ბიუჯეტის კანონპროექტში, რთულია. 

ექსპერტის აზრით,  ამ ეტაპზე საგარეო ვალების არაღება შეიძლება, უფრო არაგონივრული გადაწყვეტილება იყოს, ვიდრე – ვალების აღება.

„რაც შეეხება ბიუჯეტის სტრუქტურას, გასათვალისწინებელია, რომ წლების განმავლობაში იმ პოზიტიურ დინამიკა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით იყო, ისევ საკმაოდ მაღალ დეფიციტზე გადის, რაც არ არის მიზანშეწონილი , თუმცა გამომდინარე არსებული რეალობიდან, აქ უკვე სხვა გამოსავალიც რთულად მოსაძებნია. ამ ეტაპზე იგივე საგარეო ვალების არაღება შეიძლება, უფრო არაგონივრული გადაწყვეტილება იყოს, ვიდრე – ამ საგარეო ვალების აღება იმიტომ, რომ საგარეო ვალები საქართველოს ნამდვილად სჭირდება თავისი გამართული ფუნქციონირებისთვის. იმისთვის, რომ გამართულად შეძლოს პენსიების, ხელფასების, ინფრასტრუქტურის ხარჯების და ა.შ. გადახდა და განხორციელება. ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვიურად მხოლოდ კოვიდთან საბრძოლველად დაახლოებით 100 მილიონ ლარს ხარჯავს. ამას ემატება სხვა პროგრამებიც. შესაბამისად, საგარეო ვალის არაღებამ შესაძლოა, დაგვაზარალოს და არ მოგვცეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ კოვიდს ვებრძოლოთ ეფექტიანად, არამედ იმ მიმდინარე გამოწვევებსაც ვერ გავუმკლავდეთ, რომელიც ბიუჯეტს ყოველ წელს სტანდარტულად გააჩნია. მინდა, ხაზი გავსუვა იმას, რომ საგარეო ვალების აღების მხრივ საქართველო უკვე თავის ზღვარს უახლოვდება, რომელიც გააჩნია როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მთლიან შიდა პროდუქტთან 60 %-იან ნიშნულზე. ეს ზღვარი აუცილებლად უნდა იქნას დაცული იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო თავს უფრო თამამად გრძნობდნენ, რომ ქვეყანა ზედმეტად არაა გადატვირთული ჭარბვალიანობით“, – განაცხადა ჭარაიამ და დეფოლტის ალბათობა კატეგორიულად გამორცხა.

„აქვე იმ განცხადებებსაც გამოვეხმაურები, რომლის თანახმადაც შესაძლოა, საქართველო დეფოლტის წინაშე იდგეს. კატეგორიულად გამოვრიცხავ მსგავს შესაძლებლობას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს მიდის ქვეყნის ეკონომიკა, იმ პირობებში – რა მდგომაროებაც გვაქვს კოვიდთან მიმართებით, უმაღლეს დონეზე მობილიზებული საერთაშორისო მხარდაჭრის ფონზე, ფაქტობრივად, გამორიცხულია, საქართველომ ვერ შეასრულოს ვალდებულებები თავისი ინვესტორების, თავისი მსესხებლების წინაშე. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად საქართველო როგორც იღებს საგარეო ვალებს, ასევე ფარავს ვალების გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად ეს უნდა გაგრძელდეს მომდევნო წელბშიც და დეფოლტის რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მთლიანობაში ბიუჯეტი პასუხობს იმ ძირითად ვალდებულებებს, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული. კოვიდპანდემიამ საკმაოდ დიდი ზიანი მოგვაყენა და ამისთვისაც გათვალსიწინებულია საკმაოდ დიდი თანხები. შეიძლება ითქვას, რომ, ამ ბიუჯეტის მონაცემებით, საქართველოს ახლო მოამავალში რაიმე რადიკალური არ ემუქრება, რომ ვერ შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ყველა ვალდებულის შესრულება საკმაოდ კარგადაა შესაძლებელი“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
2021 წლის ბოლოსთვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით. როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system