თავში

ჭავჭავაძეზე მგზავრობა 25-დან 8 წუთამდე შემცირდა

ჭავჭავაძეზე მგზავრობა 25-დან 8 წუთამდე შემცირდა
ჭავჭავაძეზე მგზავრობა 25-დან 8 წუთამდე შემცირდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ სატრანსპორტო სქემას განმარტა. 

ბითაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ აქამდე ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება. მისივე განმარტებით,  მთელი შაბათ-კვირა მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა ახალ მარშრუტთან მიმართებით და მერიის მოლოდინიც გამართლდა.

"აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები, რომელიც დაფუძნებულია სატრანსპორტო მოდელის კვლევებსა და ნაკადების დათვლაზე. ნაკადების დათვლა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არა მარტო ჭავჭავაძის გამზირის ნაკადებია დათვლილი, არამედ, მთელი თბილისის მასშტაბით. სამარშრუტო სქემები, რომელსაც მერია განახორციელებს, დაფუძნებული იქნება სწორედ ამ კვლევებზე და ელექტრონულ-პროგრამულ-ციფრულ მოდელებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის საქართველოში პირველი ნაბიჯი, როდესაც თანამედროვე მეთოდებზე დამყარებით უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისში საცობები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ეს მოხდება იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“, - ამბობს ბითაძემ და ოპონენტებს ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაცნობას ურჩევს.

მერის მოადგილის თქმით,თუ დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს 50 ათასი ადამიანი გადაჰყავს, ახალი სქემების ამოქმედების შემდეგ 90 ათასი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

"ნაკადები ჭავჭავაძეზე 50/50-ზე გადანაწილდა. საათში ამ გამზირზე გადაადგილდებოდა 3000-მდე მანქანა, აქედან 50% იყენებდა ზედა ქუჩებს. ის 50%, რომელთა დანიშნულების ადგილი იყო არა ჭავჭავაძის გამზირი, არამედ ზედა ვაკე, ისარგებლებს ახალი სამარშრუტო სქემით. ამ სქემით ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც სარგებლობდნენ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროცესში. ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ჩვენ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან. სატრანსპორტო სქემაზე ადაპტაციას ერთი-ორი დღე სჭირდება, თუმცა, ნაკადებზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ. მთავარია ის, რომ მოლოდინის დრო მგზავრებისთვის საგრძნობლად არის შემცირებული“, - განაცხადა ბითაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system