თავში

COVID-19-ის გამო საქართველოს კვლავ ჭარბვალიანობა ემუქრება

COVID-19-ის გამო საქართველოს კვლავ ჭარბვალიანობა ემუქრება
COVID-19-ის გამო საქართველოს კვლავ ჭარბვალიანობა ემუქრება

პანდემიისას საქართველოს მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირეს ადასტურებს საერთაშორისო კვლევები, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს შემოსავლები შეუმცირდა და რეალურად მძიმე მდგომარეობაშია. სპეციალისტები იმასაც კი ფიქრობენ, რომ შეიძლება მოსახლეობა კვლავ ვალებზე დამოკიდებული გახდეს და ბანკების ნაცვლად, უკვე ლომბარდებისა და მევახშეებისგან ისესხოს ფული, რის ტენდენციაც უკვე შესამჩნევია. ამის მიხედვით report.ge-თან ეკონომისტი გივი მომცელიძე საუბრობს. 

,,მიმაჩნია, რომ  საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა ის სინამდვილე, რაც საქართველოში კოვიდსიტუაციამ შექმნა. ეკონომიკაში მდგომარეობა თუ არ გამოსწორდება, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება მოსახლეობის დიდი ნაწილი. საქმე ისე მიდის, რომ ლომბარდებისა და მევახშეების იმედად რჩება ქვეყანა და მარტივად წარმოსადგენია, რა შედეგამდე მიგვიყვანს ეს დამოკიდებულება, რადგან ეს არის მაღალ პროცენტებში აღებული სესხი. ჩვენ წლების განმავლობაში ისედაც გადაუხდელი ვალების სერიოზული პრობლემა გვქონდა. ახლაც ეს საფრთხე გვემუქრება. მოსახლეობა მაღალპროცენტიან ვალს იღებს, რაც დიდ პრობლემას გამოიწვევს არა მარტო უახლოეს თვეებში, შესაძლოა, მომდევნო წლების განმავლობაშიც. ბანკებსაც თავისი რისკები აქვთ, სესხების ადვილად გაცემა არ ხდება, ზოგადად ძალიან ცუდი სიტუაციაა", - ამბობს მომცელიძე და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვაქცინაციის პროცესში საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ამ მხრივ აშშ-ს კარგი შედეგი აქვს და უცებ გაჩნდა 1 მლიონი სამუშაო ადგილი. მდგომარეობა გამოსწორდა ასევე ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში. მესმის, არ არის საქართველოსთვის მარტივი, ფულის დეფიციტს განიცდის მოსახლეობა, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობაცაა. აცრების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ეკონომიკაში მოლოდინებს აუარესებს, აფერხებს განვითარებას. საბოლოოდ უარყოფით პროცესებს იწვევს. მთლიანად დამოკიდებული ვართ, როგორ მოერევა საქართველო ვაქცინაციის პროცესს, ყველა საკითხი ამაზეა მიბმული. ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ კიდევ აიღოს ვალი, ჩვენ დაგვაწვება ისევ ტვირთად, ჩვენი გადასახდელი ვალია, რაც მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის", - ამბობს გივი მომცელიძე report.ge-თან.

შექმნილ სიტუაციაში, როგორც ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი აღნიშნავს, ერთ-ერთი გამსოავალია, ეროვნულმა ბანკმა ფულის ბეჭდვის პროცესი შეაჩეროს, რადგან დოლარი არ შემოდის და ეკონომიკური აქტივობები მინიმალურ დონეზეა.

,,უცხოური ვალუტის დეფიციტს განიცდის ქვეყანა. სებ-ზე მეტად ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შექმნა ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ მეტი მყარი ვალუტა შემოვიდეს. ამ დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრობლემა ფულის მასის ზრდაა, რომელიც ინფლაცია ასტიმულირებს. სერიოზული პრობლემებია და მნიშვნელოვანია, ასეთ დროს შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში უპრეცენდენტოდ მაღალია. ასევე რეგულაციები უნდა მოიხსნას. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. მხარეები პრინციპულად არ თმობენ პოზიციებს, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს", - ამბობს ხორგუაშვილი.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს, საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკური პრობლემები და პანდემია აწუხებთ, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI) კვლევიდან ირკვევა. IRI კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% თვლის, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად გაუარესდა“ (37%) და „მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%).

დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან“ ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system