თავში

დასაქმების პერსპექტივა ისევ უიმედოა

დასაქმების პერსპექტივა ისევ უიმედოა
დასაქმების პერსპექტივა ისევ უიმედოა

ეკონომიკა დიდწილად გახსნილია, მაგრამ დასაქმების პერსპექტივასთან დაკავშირებით მაოლოდინები მაინც ნეგატიურია. ამის მიზეზად ეკონომისტი რამაზ გერლიანი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას მიიჩნევს. კერძოს, იმ გარემოებას, რომ დასაქმების ალტერნატივა ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის და მოსახლეობას შემოსავლების მიღების საშუალებები შეზღუდული აქვს.

,,სანამ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, დასაქმების ზრდის პერსპექტივა ვერ იქნება საიმედო. მოკლევადიან პერიოდში დასაქმებას ხელს უშლიდა ჩაკეტილობა, შეზღუდვები, რაც დრემდე გრძელდება. პარალელურად ტარდება ისეთი ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს უჩენს თავსატეხს, განსაკუთრებით თანამშრომლების აღრიცხვასთან დაკავშირებით, ასევე პირდაპირი თუ ირიბი რეგულაციები, საჭიროც რომ იყოს, კრიზისულ პერიოდს არ უნდა ემთხვეოდეს. როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა,  ასეთი რეგულაციები მხოლოდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს. პრობლემა არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილების კლება, სამწუხაროდ, ჩვენთან შემოსავლების მიღების ერთადერთი გზა დასაქმებაა. შესაძლოა, სულაც არ იყოს სამსახურზე მიბმული, მაგრამ ადამიანს ჰქონდეს შემოსავალი აქციების ან მცირე ფინანსური პაკეტების სახით, ეს შეიძლება იყოს კერძო საკუთრებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა. ჩვენ ყველა ასპექტში გვიჭირს. დასაქმების მაჩვენებელი დაბალია, არ გვაქვს იმ ტიპის ეკონომიკა, სადაც კერძო სააქციო საზოგადოებების როლი გააქტიურებულია. სააქციო კაპიტალი ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მთლიანად მსხვილი მოთამაშეების მფლობელობაშია მოქცეული.  ფასიანი ქაღალდების ბაზარზეც მსხვილი საფინანსო კომპანიები და ბანკები ოპერირებენ, ისეთი ზღვარია, რომ მოქალაქეები ასეთ ბაზრებზე ვერც შედიან", - აცხადებს გერლიანი report.ge-თან. 

ეკონომისტი დასაქმების თვალსაზრისით აგრარული სფეროს შესაძლებლობებსაც უმნიშვნელოდ მიიჩნევს. მისი თქმით, სოფლის მეურნეობას ეპიდემიისას შემოსავლები უმცირდება, რაც ადამიანების ფინანსურ მდგოამრეობაზე ნეგატიურად აისახება. 

,,ელემენტარულად, რეალიზაციის საშუალება არ არის. მოთხოვნაც შემცირებულია და რაც არის, ისიც ვერ იყიდება. ამის მიზეზი მაღალი ფასებია. რეფინანსირების განაკვეთმა ამ მხრივ კიდევ უფრო გააუარესა მდგომარეობა, რადგან ასობით ბიზნეს სუბიექტს და მოქალაქეს გაუძვირდა სესხი. ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია და არაფერს აკეთებს მთავრობა, რომ ქვეყანაში ეს საკითხი მოგვარდეს", - დასძენს გერლიანი report.ge-თან. 

დასაქმების პერსპექტივას ჯერჯერობით უიმედოდ მიიჩნევს ანალიტიკოსი გივი მომცელიძეც, , რომელიც  -თან ამბობს, რომ მარტო ტურიზმისა და ამ დარგის მომიჯნავე სფეროებში ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რომლის აღდგენის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ჩანს.

,,ეპიდემიამ გამოიწვია შრომის ბაზრის სერიოზული შემცირება. მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ საქართველო ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. მხოლოდ ტურიზმში არ არის პრობლემა, შემოსავლები ძალიან ბევრი მიმართულებით შემცირდა. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეს კრიზისიდან. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყანაში არასტაბილური გარემო შექმნა, რაც შრომის ბაზრისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. არსებული სიტუაცია განსაკუთრებით, საინვესტიციო გარემოზენეგატიურად  აისახება. დასაქმების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას ამ ეტაპზე არ ველი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის საშუალება, რომელიც ბიზნესს ამ კრიზისს დააძლევინებს", - ამბობს report.ge-თან გივი მომცელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system