თავში

დღეს "საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეა”

დღეს "საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეა”
დღეს საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეა”

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით „საერთაშორისო თანაბარი ანაზღაურების დღეს” პირველად აღნიშნავს. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება ამ დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს, ქალისა და კაცის თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გენდერული უთანასწორობის სკაითხებს. პრაქტიკა მოწმობს, რომ ქალები უამრავ პრობლემას აწყდებიან, როგორც დასაქმების ეტაპზე, ასევე უშუალოდ შრომით ურთიერთობებში. აღნიშნული უთანასწორობა ყველაზე მკაფიოდ სწორედ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის მკვეთრ უთანასწორობაში ვლინდება. აღნიშნული სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის საშუალოდ 35,8%-ს შეადგენს. სხვაობა ხელშესახებია ისეთ სექტორებშიც კი, სადაც ძირითადად ქალები არიან წარმოდგენილნი. უთანასწორობას, ასევე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალების დაბალი წარმომადგენლობა მაღალანაზღაურებად, მენეჯერულ პოზიციებზე. ყურადსაღებია, რომ მსოფლიოში ეს სხვაობა საშუალოდ 23%-ია, ევროკავშირში კი 16,3%. მსოფლიოს ქვეყნები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ 23%-იანი სხვაობის კიდევ უფრო შესამცირებლად, საქართველოში კი ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დიდი სხვაობის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ 2018-2019 წლებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საჩივრის საფუძველზე, საქართველო იმ 25 ქვეყნას შორის განიხილა, სადაც უხეშად ირღვევა შსო-ს სტანდარტები და მისცა რეკომენდაცია, რომ შესაბამისი რეგულაციებითა და მეთოდოლოგიის შემუშავებით ხელი შეუწყოს სხვაობის შემცირებას“,- განმარტავენ პროფკავშირებში.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები, როგორც ხელისუფლების ისე დამსაქმებლებისადმი.

„საქართველო პირველ რიგში საჭიროებს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მეთოდოლოგიის შემუშავებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ დონეზე აქვეყნებს მხოლოდ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის მაჩვენებელს. საქსტატმა უნდა შეცვალოს მეთოდოლოგია და სტატისტიკის წარმოებისას გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები: განათლების დონე; ნამუშევარი საათების რაოდენობა; დაკავებული პოზიცია; ეკონომიკის სექტორი. ამ ფაქტორების გათვალისწინება უფრო რეალურ სურათს მოგვცემს და ხელისუფლებას ნათლად დაანახებს გენდერული კუთხით ხელფასებში დისკრიმინაციის მასშტაბებს, რაც ამ მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს. გარდა „საქსტატისა“ კონკრეტული მეთოდოლოგია უნდა დაინერგოს საწარმოს დონეზე. საწარმოები ხელფასების დაგეგმვის პროცესში უნდა დაეყრდნოს მეთოდოლოგიას, რომელშიც ასახული იქნება დასაქმებულის კვალიფიკაცია (განათლების დონე, გამოცდილება, დავალების შესრულების უნარი); მოვალეობის სირთულე; დაკავებული პოზიცია (პასუხისმგებლობის ხარისხი, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება) და ნამუშევარი საათების რაოდენობა“,- აცხადებენ პროფკავშირებში.

აღნიშნული მეთოდოლოგიის შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს შრომის კოდექსში, რაც ამ მეთოდოლოგიას სავალდებულოს გახდის.

„გარდა მეთოდოლოგიის შემუშავებისა, საჭიროა სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები ქალთა ეკონომიკური აქტიურობის წასახალისებლად და მმართველობით რგოლებში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ისევე როგორც დედობის დაცვის, ოჯახური და სამსახურებრივი ვალდებულებების შეთავსების გარანტიების უზრუნველსაყოფად. სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების და მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმის შექმნა, ქმედითი შრომის ინსპექციის სახით, ასევე აქტიური ცნობიერების ამაღლების კამპანიები სოციალური პარტნიორების ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება პროცენტულად უფრო მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს. მიუხედავად ამისა კაცები უფრო ხშირად იკავებენ მენეჯერულ ან/და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებს. ამასთან დაბალი ანაზღაურება არის დემოტივატორი ქალებისთვის იპოვონ სამუშაო. ქალების ეკონომიკური აქტიურობა კაცების ანალოგიურ მაჩვენებელს 19%-ით ჩამორჩება. ხელფასების გათანაბრებისკენ გადადგმული ნაბიჯები კი უფრო მეტ ქალს მისცემს სტიმულს ჩაერთოს ეკონომიკურ აქტიურობაში. ეს კი ქალთა კიდევ ერთი პრობლემის - საოჯახო შრომის არათანაბარი გადანაწილების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება. პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომის, თანაბარი ანაზღაურების მნიშვნელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა აღმოიფხვრას ქალების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა შრომით ურთიერთობებში“,-აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1,150 ლარი და 10 თეთრი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელზე 29.6 ლარით ნაკლებია. საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1,352 ლარი და 40 თეთრია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 428 ლარით ნაკლებია და 924 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 31%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system