თავში

დღეს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება

დღეს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება
დღეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იწყება

2019 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება. ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

"ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში. "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს, 10:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.

ფორუმის ფარგლებში პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემაზე გაიმართება:

მაღალი დონის დიალოგი ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები;

მომგებიანი ვაჭრობა;

ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადგობა;

ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად;

სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა;

საქართველოს განვითარება - მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა (1-ლი სესია);

აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის (მე-2 სესია).

მთავარი პანელების გარდა, ორი დღის განმავლობაში ასევე გაიმართება პარალელური ღონისძიებებიც.

პანელებს მოდერაციას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები: ნურიელ რუბინი - ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, აარონ ჰესლჰარსტი - BBC World News-ის წამყვანი, კონსტანტინტ კოტზიასი - "ბლუმბერგ ევროპის" დირექტორი, რობ მაკკერგოუ - PwC-ის ხელოვნური ინტელექტის დირექტორი, ჯულიეტ ფოსტერი - Magnus Communications-ის დამფუძნებელი, ისკანდერ აბდულაევი - Carec Institute-ის დირექტორის მოადგილე.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს. ფორუმს ესწრება Report.ge-ს რეპორტიორიც, რომელიც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას მოვლენის ადგილიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system