თავში

დუბაიში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი მაღალია

დუბაიში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი მაღალია
დუბაიში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი მაღალია

საქართველოსა და აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ATM“ ეცნობიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები დუბაიდან თბილისის მიმართულებით. ამ ეტაპზე, „დუბაი-თბილისი“ ფრენებს ასრულებს Fly Dubai და Air Arabia, რომელსაც ზაფხულიდან „დუბაი-ბათუმის“ მიმართულებაც დაემატება.

დღეს, საქართველოს სტენდს სტუმრობდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, რომელიც გამოფენის მიმდინარეობითა და გამოფენაში საქართველოს ჩართულობით დაინტერესდა.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 62 ქვეყნიდან მონაწილეობენ. 

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდება.

საქართველო ახლო აღმოსავლეთის ტურბაზრის ასათვისებლად, დუბაის სამდღიან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს მართავს, მოეწყო სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: „WST Georgia“, „Guide of Georgia“, „Georgian Holidays“, „Voyager“, „Travel to Georgia 2010“,“ Arrival DMC“ და სასტუმრო „The Biltmore Hotel“ არიან წარმოდგენილები. 

დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system