თავში

EBRD ქართველი ხალხისა და საქართველოს ბიზნესის საიმედო პარტნიორია - თურნავა

​EBRD ქართველი ხალხისა და საქართველოს ბიზნესის საიმედო
EBRD ქართველი ხალხისა და საქართველოს ბიზნესის საიმედო პარტნიორია - თურნავა

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი," - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, EBRD რეფორმების განხორციელებაში ეხმარება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წლების მანძილზე არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ EBRD ეხმარება არა მარტო მთავრობას, რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს ძალიან წონადი დახმარებაა, არამედ, უშუალოდ, კერძო სექტორს, მათ შორის, ჩვენი საბანკო სექტორის გავლით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ის დამატებითი რესურსი, რომელიც პანდემიის დროს ასაზრდოებს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესებს, ხელმისაწვდომი დაფინანსების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე EBRD-ის ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში.

„რაც შეეხება რეფორმების პროცესში დახმარებას, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სტრუქტურულ რეფორმებში, ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, ასევე სექტორული რეფორმების მიმართულება. განსაკუთრებით გამოვყოფ ენერგეტიკის სექტორის რეფორმისა და ამ სექტორის განვითარებაში გაწეულ დახმარებას EBRD-ის მხრიდან. ისინი გვეხმარებიან ქვესადგურების, გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებაში და ახალი, განახლებადი წყაროების ხელშეწყობაში, კერძოდ, აუქციონების სისტემის დანერგვაში. გვეხმარებიან ისეთი უახლესი ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა მწვანე წყალბადის ტექნოლოგია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარებაა ენგურის აუზის შესწავლა, ენგურჰესის რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ენერგორესურსების მნიშვნელოვანი წყაროა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, შარშან 16 პროექტით EBRD-მა საქართველოში 630 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. ევრობანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ შეიმუშავა 1 მილიონი ევროს მოცულობის სოლიდარობის პაკეტი. საქართველოს მხარდაჭერას ბანკი შემდეგნაირად ხედავს: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში.

"ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის“ ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, ევრობანკს პრიორიტეტებად მიაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით.

ცნობისთვის, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. მისი დივერსიფიცირებული პორტფოლიო კი ენერგეტიკის სექტორიდან სოფლის მეურნეობამდე და კერძო სექტორის ჩათვლით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით COVID-პანდემიის პერიოდში.

ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system