თავში

ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები გამოჩნდა

ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები გამოჩნდა
ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები გამოჩნდა

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოლოდინი იყო. მისი თქმით, ტენდენცია აშკარად არის მანიშნებელი, რომ  ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები დაწყებულია. მისი თქმით, უკეთესი მდგომარეობაა ექსპორტზეც, მიუხედავად იმისა, რომ რეექსპორტში დიდი ჩავარდნაა.

,,ნამდვილად მოველოდი, რომ ორნიშნა ვარდნა აღარ იქნებოდა, მაგრამ უფრო პესიმისტურ შეფასებას ვიძლეოდი, 8-9%-ის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, 7,7%-იანი კლება, მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. აშკარად მიანიშნებს პოზიტიური ტენდენციის გამოკვეთას, როცა ჩვენ აპრილში გვქონდა 16,6%-იანი ვარდნა, მაისში 13,5% იყო და ამ მაჩვენებელს ბევრად გავცდით. ასე თუ გავაგრძელებთ, შემოდგომისთვის გარკვეული ბარიერი გადაილახება და  მერე უკვე შეიძლება პოზიტივზე ვიფიქროთ. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კლებაშიც საგანგაშო ვითარება არ გვაქვს. აქ უნდა გავარჩიოთ ადგილობრივი წარმოების ექსპორტი და რეექსპორტი. წმინდა ადგილობრივი წარმოების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 3%-ით არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია, მიუხედავად გლობალური მოცემულობისა, მაინც მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი რჩება", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტთან ერთად, ეკონომიკის კლებაზე  გავლენა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის შემცირებამაც მოახდინა. კლებამ ამ მიმართულებით 6,2% შეადგინა. თუმცა, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, დამაიმედებელი ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ორნიშნა რიცხვით ზრდა (10,7%), რაც მიგვანიშნებს, რომ ბიზნესს მდგომარეობის გამოსწორების ოპტიმიზმი გაუჩნდა.

,,შეიძლება თქმა, რომ შუქი გვირაბის ბოლოს გამოჩნდა. ამ ტემპით თუ ვივლით, წლის ბოლოს უნდა გვქონდეს გაცილებით ნაკლები მასშტაბის შემცირება, რაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. ცხადია, კლება იქნება, მაგრამ რამდენიმე პროცენტული პუნქტით ნაკლები, იმასთან შედარებით, ვიდრე ამჟამადაა", - განმარტა report.ge-თან არჩვაძემ. 

საქსტატის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system