თავში

ეკონომიკური განვითარების როგორი გეგმა სჭირდება საქართველოს

ეკონომიკური განვითარების როგორი გეგმა სჭირდება საქართველოს
ეკონომიკური განვითარების როგორი გეგმა სჭირდება საქართველოს

სპეციალისტებს ეკონომიკური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა განახლდეს ერთხელ უკვე მივიწყებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 20/20, რასაც ყველა არ იზიარებს. ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ გაცილებით პერსპექტიულია შემუშავდეს მოკლევადიანი გეგმა, სადაც გაწერილი იქნება კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა, ხოლო გრძელვადიანი გეგმა საქართველოს შემთხვევაში, რეალურად ვერ იმუშავებს.

,,პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაგრამ არ ვიცით, გეგმა ვისგან შედგება, მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტდება თუ გარედან მოწვეული სპეციალისტებისგან იქნება შემდგარი, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არ შეიძლება, ასეთი განცხადებები გააკეთო, რაც საფუძველს მოკლებულია. 10-წლიანი გეგმაზე ვსაუბრობთ და ეკონომიკაში თუნდაც 2-3 წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის. ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობისას ჰქონდათ გეგმა, მაგრამ მალევე დაიდო განზე, მისი არც ერთი პარამეტრი არ შესრულდა. ასეთი მიდგომა საბჭოურ პერიოდს მაგონებს, რეალურად არაფერი სრულდება და თავს ვიტყუებთ. უბრალოდ, ახდენენ დემონსტრირებას, რომ რაღაცის გაკეთება სურთ! სინამდვილეში არც თვითონ იციან და არც სხვას ეკითხებიან. საუბარი იყო ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზეც, მაგრამ ვერც ეს იქნა მიღწეული, პირიქით, სიღარიბის ზღვარს მიმართ კიდევ მეტი ადამიანი მოექცა. ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსი, ინფლაცია თუ სხვა, ეკონომიკის ყველა პარამეტრი გაუარესებულია. არც დრო და არც ადგილი არ არის, რომ ახლა 10-წლიან გეგმაზე ვსაუბრობდეთ. ანტიკრიზისიული სახით ეკონომიკური გეგმა აუცილებელია, მაგრამ არა 10-წლიანი, ამისგან სარგებელს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ სურვილების სია ჩამოიწერება და არ გვეცოდინება, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, ხოლო თუ დაიწერება, იქნება მცდარი", -  აცხადებს report.ge-თან რამაზ გერლიანი. 

განსხვავებული მოსაზრებისაა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ეკონომიკური გეგმა 20/20 უნდა განახლდეს, რადგან მასზე უკეთესი დოკუმენტი რეალურად არ შემუშავებულა და კარგი იქნება, თუ გარკვეული კორექტირებით, მისი აღდგენა მოხერხდება.

,,საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მასში 2020 წლამდე ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება იყო გათვლილი, როგორ უნდა განვითარებულიყო და ამას მოჰყვებოდა ანალიზი, როგორ განვითარდებოდა ქვეყანა. შეიძლება გარკვეული ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კარგი პროგრამა სხვა არც ერთი ყოფილა. ახლა, როდესაც ღარიბაშვილი ისევ ქვეყნის პრემიერია, შეიძლება ეკონომიკური გეგმა გაცოცხლდეს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მისი გამოყენება ქვეყანას სარგებელს მოუტანს. სავარაუდოდ, შეიცვლება, მაგრამ რა ფორმით დაკორექტირდება იგი, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, - აცხადებს აკადემიკოსი.

მისი შეფასებით, ეკონომიკური განვითარების გეგმა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში გაანალიზებული და სიღრმისეულად გაშლილია ეკონომიკის ყველა მიმართულება, განსაკუთრებით რეალური სექტორის განვითარების პერსპექტივა, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს.

დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, შეიქმნება ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე კომისია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system