თავში

ეკონომისტები 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვენ

ეკონომისტები 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვენ
ეკონომისტები 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვენ

,,საზოგადოება და ბანკების" შემდეგ, ბიუჯეტის კორექტირებას ეკონომისტებიც ითხოვენ. ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები, თუმცა, როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ ხომერიკმა report.ge-თან აღნიშნა, ბიუჯეტი უნდა დაკორექტირდეს 6 თვის შედეგების შეჯამებით, მანამდე ნაკლებ სავარაუდოა.

,,თავიდან, როცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოქვეყნდა, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ბიუჯეტის კორექტირება იქნებოდა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში პრობლემა შეექმნებოდა. ჩემი აზრით, ივანე მაჭავარიანი სწორედ ლარის კურსს და დაუბალანსებლად შედგენილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს გადაყვა. ვვარაუდობდი, რომ მისი ნეგატიური გავლენა დაეტყობოდა სწორედ სამომხმარებლო ბაზარს და მიუხედავად იმისა, რომ მაკროგარემო და ფუნდამენტური ფაქტორები, თუ არ ჩავთვლით სავაჭრო პარტნიორების ვალუტასთან ლარის მიმართებას, დოლარის გლობალურ გამყარებას და უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურებას- არსებითად არ შეცვლილა... ინექციებით ლარის გამყრებაზე თავის შეკავება და ეკონომიკის დედოლარიზაციაზე აქცენტირება- სიტუაციას ვერ დაასტაბილურებს.  ამდენად, ბიუჯეტის პარამეტრებში ჩადებული 3,3-იანი ნიშნული ვერ იქნებოდა შენარჩუნებული. აქამდე მისი შენარჩუნება ხდებოდა ხელოვნურად. 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა მრავალმილიონიანი ინტერვენციებით მეტნაკლებად შეინარჩუნა ლარის კურსი, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ძალიან სწრაფად იცვლებოდა სიტუაცია და განსაკუთრებით მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა ზარალდებოდა. ეკონომიკის ბევრი ფაქტორი უაღრესად ნეგატიურია. ინვესტიციები არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა, შემოდინებები, გზავნილებს თუ არ ჩავთვლით უცხოეთიდან, მცირდებოდა. ცხადია,  პერიოდულად გაზრდილი გზავნილები ვერ დააკომპენსირებდა ტურიზმიდან მიღებულ სავალუტო დანაკლისს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს დეფიციტის მხრივ დიდი პრობლემა ემუქრება და ერთ-ერთი გამოსავალია მისი კორექტირება, თუმცა ამისთვის, მინიმუმ, 6 თვის შედეგი უნდა შეჯამდეს“- აცხადებს ხომერიკი.

რაც შეეხება ლარის კურსს, პროფესორის გათვლით, თუ მთავრობა შემდეგი კვირიდანვე გადადგამს რელევანტურ ნაბიჯებს, ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.4 ნიშნულის ფარგლებში შენარჩუნდება.

,,ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთშეთანხმებული ქმედებები უნდა განახორციელონ სხვა სექტორთან, მათ შორის ბიზნესთან ერთად და მოხდეს დადებითი ძვრა. მოლოდინი, რომ მესამე ტალღა წაგვლეკავს, მოსახლეობაში დარეზერვების განწყობას ქმნის და არა ლარში არამედ უცხოურ ვალუტაში. პანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციის გეგმა ჯერ- ჯერობით იქოქება, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები დგას, ვალუტის შემოდინებები ქვეყანაში და ბაზარზე - პრობლემურია, ფუნდამენტურ ფაქტორებზე და ინფლაციურ ფონზე ეროვნული ბანკის მესვეურებიც ალაპარაკდნენ, ექსპორტი იზრდება, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ დაეტყოს სიტუაციას, სესხებით ნაკვები ეკონომიკა თვითრეგულაციას არ ექვემდებარება, ლარის მასა დიდია და ბიუჯეტი - კვლავაც დაუბალანსებელი", - ამბობს თემურ ხომერიკი report.ge-თან.

ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზე საუბრობს ფინანსისტი ლევან ქისტაური, რომლის შეფასებითაც, მნიშვნელოვანია, ნაბიჯები ამ მიმართულებით დროულად იქნას გადადგმული.

,,ბიუჯეტის დეფიციტი ძალიან მაღალ დონეზეა სამთავრობო ვალთან ერთად, რის გამოც დღეს სხვა გამოსავალი არ ჩანს გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი დაკორექტირდეს. მთავრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეფიციტის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი პრობლემა გველის, რადგან მონეტარული და ფისკალური თვალსაზრისით მძიმე პერიოდი გვაქვს და ქვეყნის სტაბილურობა ამ საკითხის მოგვარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული“, - განაცხადა ქისტაურმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოება და ბანკებმა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილა. 31 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური მაჩვენებლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია, რომ თებერვლის ეკონომიკური ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -5.1%-ია. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იანვრის თვეში უფრო დრამატული იყო და -11.5% შეადგინა. მშპ-ს მიმდინარე დინამიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს წინა წლის ბოლოს ბიუჯეტში ჩადებულ მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system