თავში

ექსპერტები სებ-ს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ურჩევენ

ექსპერტები სებ-ს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ურჩევენ
ექსპერტები სებ-ს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ურჩევენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები საქართველოშია, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, სინამდვილეში სებ-ი ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება.

,,არასწორად მიგვაჩნია ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში აწარმოებს, ვგულისხმობ მაღალ საპროცცენტო განაკვეთებს. ჩვენს სამეზობლოში და ევროპაშიც სესხები დაბალ პროცენტებში გაიცემა. როცა ეკონომიკა რეცესიაშია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არანაირად არ უწყობენ ხელს ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და შედეგიც სახეზეა. ათეულობით წელია, ამის გამო ერთსა და იმავე წრეზე ვართ. ცხადია, არასწორი განცხადებაა, რომ რეგიონში ჩვენ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს. რუსეთი რომ ავიღოთ, იქაც ეს მაჩვენებელი 4%-ის დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ სესხებზე მაღალი პროცენტებია, ფულადი რესურსები მაინც არ არის ხელმისაწვდომი, აქედან გამომდინარე, ხელი ეშლება ეკონომიკის განვითარებას, რომელიც  დაბალ პროცენტიან ფულს საჭიროებსს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს", - აცხადებს ანალიტიკოსი report.ge-თან.

ნიკა შენგელიას თქმით, საქართველოს ეკონომიკაში მდგომარეობა რეალურად ვერ გამოსწორდება, სანამ არ შეიცვლება ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. 

,,წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს და ეკონომიკურ გუნდს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მითითებები თვალდახუჭულად შეეფასებინათ. სინამდვილეში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ჩავარდნილი. სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო ისიც, რომ ქვეყანა ტურიზმზე გახდა ჩამოკიდებული, ხოლო საქართველოს ეკონომიკურ გუნდს არ აღმოაჩნდა იმის კომპეტენცია, სწორი მონეტარული პოლიტიკა გაეტარებინა. ეს არის შედეგი, რითაც საქართველო ასეთ მდგომარეობაშია", - დასძენს შენგელია.

თუმცა ასეთი კრიტიკა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძიოს შეფასებით, უსაფუძვლოა. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები საქართველოშია. გარდა ამისა, აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, როგორებიცაა, რეგიონის რისკი, პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, დაბალი და სტაბილური ინფლაცია და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system