თავში

ექსპერტულ წრეში მთავრობის სამოქმედო პროგრამას აფასებენ

ექსპერტულ წრეში მთავრობის სამოქმედო პროგრამას აფასებენ
ექსპერტულ წრეში მთავრობის სამოქმედო პროგრამას აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის და მისი 2021-2024 წლების პროგრამის: „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ განხილვას, აფასებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, უწყებრივ დონეზე მაინც, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ გაუმჯობესებაზე, ადექვატური სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად და სისტემური რეფორმების გასატარებლად; საზოგადოების სოციალური კონსოლიდაციის და შერჩევითობის პრინციპის გამორიცხვაც ყურადღებამისაქცევია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ 2021 თვითმმართველობის არჩევნების წელია.

,,კარგია, რომ მთავრობის პოლიტიკურმა გუნდმა წარმოადგინა ამგვარი დოკუმენტი, თანაც, მასში ასახა წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიდგომები და ცოტა განსხვავებული დიზაინით, მაგრამ თითქმის ყველა პრიორიტეტი შესაბამისად არის გაწერილი. წარმოდგენილი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის პროგნოზები ზედმეტად ოპტიმისტურად გვეჩვენება. ბევრი პარამეტრი იმედია დაზუსტდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებამდე: მინიმუმ ვარაუდების რეალური დასაბუთება უნდა დაიდოს. ეფექტები უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის კრიზისის სიღრმის შეფასებას და ანალიზს. ჩემი აზრით, ანტიკრიზისული ღონისძიებები და რისკები დეტალურ ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს, თუმცა ჯერჯერობით სურვილის დონეზეა მხოლოდ და არ ეფუძნება შეფასებებსა და გათვლებს, პროგნოზებიც უმადური საქმეა ამ ტურბულენტურ გარემოში. ინვესტიცების მიმართულებით მთავრობა აგრესიულ კამპანიას კი აანონსებს, თუმცა კონკრეტულად რას, გაწერილი არაა, დაანონსებული ახალი ონლაინ პლატფორმებიც რამდენად მხარდამჭერი იქნება ბიზნესის და სახელმწიფო ეკონომიკის მდგრადობისთვის მოკლევადიან/გრძელვადიანად განუვითარებელი ინფრასტრუქტურის პირობებში, საკითხავია", - ამბობს თემურ ხომერიკი.

პროფესორის აზრით, ალბათ აჯობებდა, უფრო კომპლექსურად განხილულიყო რიგი საკითხები, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემურ განვითარებაში პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფო სექტორის როლი, ალტერნატივების დონეზე წარმოდგენილიყო კოვიდეკონომიკის პირობებში დაგეგმილი აქტივობების გავლენა სექტორულ გადაწყვეტილებებზე ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების თუ არა ოპტიმიზაციის გამართული გეგმა, როგორც თემურ ხომერიკი აღნიშნავს, ნამდვილ ევროპულ სტანდარტებზე კადრების შერჩევის პრინციპები და არა მორგებული კონკურსები, სახელმწიფო შესყიდვებში ,,ატკატების" აღმოფხვრა და სახსრების რაციონალურად განკარგვის უზრუნველყოფა- ნაცვლად 2021 წლიდან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის კოსმეტიკური ცვლილებისა - დავების საბჭოს ნახევრადგამოტანა და კვაზიდამოუკიდებელი სტრუქტურის ეკლექტიკური დიზაინის შემოთავაზების, ასევე მსხვილი სახელმწიფო საწარმოების არა მხოლოდ პრივატიზაციაზე განცხადებები, არამედ სახელმწიფო ქონების შეფასება, არსებული მდგომარეობის პოზიციონირებით სტრატეგიული საწარმოების განვითარების კონკრეტული მიმართულებები და, სადაც საჭიროა, სარფიანად და არა 1 ლარად გასხვისება. 

,,საგულისხმოა ასევე, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას როგორ აპირებენ, არსებული სახელმწიფო პროგრამების განვითარებაზე აქცენტირებისას მიღწევა/ჩავარდნების ანალიზი მაინც უნდა იყოს სათანადო და შეფასების კრიტერიუმებიც თვალსაჩინო. 2021 წლის დეფიციტური ბიუჯეტი და ლარის კურსი ცალკე პრობლემად რჩება, ისევე როგორც კლების მიმართულებით რამდენჯერმე კორექტირებული ბიუჯეტების შესრულებების 99-105% ნიშნულები... ზოგადი განცხადება მძიმე ფინანსური წელი გველისო, არაეფექტიან გადაწყვეტილებებს ვერ ჩამოწერს პიარტექნოლოგიებით და აღებულ საშინაო თუ საგარეო ვალებზედაც მეტი პასუხისმგებლობით სტრატეგიული ქმედებები მოეთხოვებათ ფინანსურ მამებს, ანგარიშვალდებულებაც გასაზრდელია და საგანგებო ბიუჯეტიც რეალურად განსასაზღვრი ღონისძიებების დონეზე, ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებიც უფრო რელევანტური უნდა გახდეს პრიორიტეტების შერჩევის კუთხით მაინც, კოვიდპანდემიის გავლენით გაზრდილი დაახლოებითი ხარჯების წყაროები და გაწევის ხარჯეფექტიანობაც სპონტანურობას უნდა გასცდეს- არ შეიძლება პრეპარატის შესყიდვის შემდეგ გამოთქვამდეს ესა თუ ის პასუხისმგებელი სტრუქტურა ეჭვს მის ეფექტიანობაზე, ხშირად ჩნდება პოზიციების ლობირების გონივრული ეჭვიც ... ასევე შესასწავლია შეღავათების დ ვალდებულებების ჩამოწერის თემების მიზანშეწონილობა/მართლზომიერების საკითხები და ადმინისტრირების სისწორე", - აცხადებს report.ge-თან თემურ ხომერიკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system