თავში

ეპიდემიამ მატყლის წარმოება შეამცირა

ეპიდემიამ მატყლის წარმოება შეამცირა
ეპიდემიამ მატყლის წარმოება შეამცირა

ეპიდემიის გავლენა მატყლის წარმოებასაც შეეხო. მეწარმეების ინფორმაციით, covid-190-მდე დარგი მეტნაკლებად ვიტარდებოდა, პრობლემები დაძლეული იყო და ექსპორტიც იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გავრცელებამ გეგმები შეცვალა. ამის შეასხებ report.ge-თან თუში მეწარმე, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე მატყლის საწარმო ,,თუშეთის" ხელმძღვანელი დიმიტრი არინდაული საუბრობს. მისი ინფორმაციით, საწარმო  ამ ეტაპზე ადგილობრივ მწარმოებლებს ნედლეულით ამარაგებს და სეზონზე ორმოც ტონამდე მატყლი მუშავდება. თუმცა წელს, პანდემიური სიტუაციის გამო, წარმოება საგრძნობლად შემცირდა.

დიმიტრი არინდაულის ინფორმაციით, საწარმო 2005 წელს იღებს სათავეს. პირველად ადგილობრივი მატყლის მცირე ნაწილის გადამუშავება და მისგან ნართის გამოშვება დაიწყო. 

,,ლეიბ-საბნით დაწყებული, ვაკეთებთ თექას, ნაბდებს, მაგრამ ჩვენი ძირითადი საქმიანობა მაინც სუფთა შალის ხელით საქსოვი ძაფის წარმოება, მერე კი საქართველოს მასშტაბით მისი რეალიზაციაა როგორც ჩვეულებრივ, ასევე სპეციალურ მაღაზიებსა და სახელოსნოებში. არიან მქსოველები, რომლებიც ტურისტებისთვის ქმნიდნენ პროდუქციას და ჩვენი ძაფი მათაც მიჰქონდათ, თუმცა ეპიდემიის გამო ამ მიმართულებით სერიოზული ჩამორჩენაა. შესაბამისად, შეგვიმცირდა შეკვეთები. ახლა ძირითადად შალის წარმოების ხაზია. ადგილობრივ ბაზარზე ნაწილდება, მაღაზიები და სამკერვალოები ყიდულობენ. ნიმუშები გავაგზავნეთ უკრაინაში და პასუხს ველოდებით, უკრაინულ ბაზარზე შესვლას ვგეგმავთ. ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის მატყლს, რისთვსიაც გავქვს დამუშავების პროცესისთვის აუცილებელი დანადგარები: მატყლის სარეცხი საწარმოო ხაზი და საშრობი საამქრო, რაც საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ სრულად ავითვისოთ ადგილობრივად წარმოებული მატყლი, არამედ სხვა რეგიონების მეცხვარეებს და მატყლის ექსპორტიორებსაც მოვემსახუროთ" - ამბობს report.ge-თან დიტო არინდაული და დასძენს, რომ საწარმოს აქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად დაახარისხოს და გარეცხოს 400-500 კგ მატყლი, რაც მთლიანად უზრუნველყოფს საწარმოს ხარისხიანი მატყლის მარაგით და  ითანამშრომლოს უცხოელ პარტნიორებთან, როგორც გასარეცხი ასევე გარეცხილი მაღალი ხარისხის მატყლის მიწოდებაში.

მისივე ინფორმაციით, თუშური მატყლი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ზომიერად ღრუღეროვანია და იგი 20-ზე მეტ დაავადებას კურნავს.

 „თუშეთი“ 1 კგ ცხვრის მატყლს მეცხვარეებისგან 1 ლარად ყიდულობს. საწარმოს მიერ წარმოებული 1 კგ შალის ძაფი 15 ლარად იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ეპიდემიის გამო შემცირდა, ქართყული მატყლი პოპულარობას ქვეყნის გარეთ  მეტნაკლებად ინარჩუნებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მოთხოვნაა ქართული მატყლისგან დამზადებულ ლეიბებზე. როგორც  ,,ქართული მატყლის კომპანიის” დამფუძნებელი ზაურ კულიევი ამბობს, საექსპორტო ლეიბების ფასი 50 დოლარი იქნება. მისივე თქმით, პროდუქტზე მოთხოვნაა საბერძნეთიდან, სადაც ლეიბების პირველი საცდელი პარტია დაახლოებით 2 კვირაში გაიგზავნება.

„ვგეგმავთ ლეიბების ექსპორტზე გაშვებას. ამ ეტაპზე, მოთხოვნა გვაქვს საბერძნეთიდან. ვნახოთ როგორ მოეწონებათ მატყლის და შეკერვის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ბერძნული კომპანია ფილიალს გერმანიაშიც ფლობს, სადაც თავადვე უზრუნველყოფს ქართული მატყლის ლეიბების გატანს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 000 დოლარია. შარშან ადგილობრივად 100 ტონამდე გაურეცხავი მატყლი გაიყიდა. წელსაც საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით გარეცხილი მატყლი, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს,“ – აღნიშნავს ზაურ კულიევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system