თავში

ეპიდემიის გავლენა თხილის ექსპორტზე

ეპიდემიის გავლენა თხილის ექსპორტზე
ეპიდემიის გავლენა თხილის ექსპორტზე

წლევანდელი თხილის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. თუმცა, როგორც ექსპორტიორები აღნიშნავენ,  დამაიმედებელი მონაცემების მიღმა უამრავი სირთულე და გამოწვევაა, რაც პანდემიას უკავშირდება. ექსპორტიორი მამუკა ბერიაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, რომ covid-19-ის გამო რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ რთული იყო და ვერც საწარმოო პროცესის ზრდა შეძლეს. 

,,ექსპორტი, ერთი შეხედვით, პოზიტიურად გამოიყურება და თხილის წარმოების წარმატებაზე მეტყველებს, რის მიღმაც დიდი შრომა, ზოგ შემთხვევაში პრობლემაც არსებობს. პირველ რიგში, სირთულე, ექსპორტიორ ქვეყნების ბაზრებზე გაყიდვების ნეგატიურ ტენდენციას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ აქტიური სეზონი იყო, მაგრამ წინა წლების წარუმატებლობის ფონზე ციფრები ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება. ექსპორტის ზრდა კი არ ნიშნავს, რომ ბაზარი გაიხსნა და ყველაფერი აღდგა, მთლიანი სეზონი დამოკიდებულია, როგორი იქნება მომდევნო თვეები მსოფლიოში. ცხადია, არის გამოწვევებიც, საქართველოს შემთხვევაში ასეთია ხარისხი, ამ მხრივ ჯერაც გვაქვს პრობლემა. რაც შეეხება ექსპორტს, შევამცირეთ გაყიდვა და საწარმო მარაგებიც, ამ ეტაპზე მოსავლის 70% ექსპორტირებულია", - აცხადებს მამუკა ბერიაშვილი.

მისი თქმით, წელს ადგილობრივ ბაზარზე თხილის მაქსიმალური ფასი 8,50 ლარს შეადგენს. თუმცა შარშანდელთან შედარებით, კურსის გათვალისწინებით დიდი სხვაობა არ არის, რადგან სხვაობა მთლიანად კურსმა ,,შეჭამა". 

ბერიაშვილის თქმით, დარგი რომ კარგად განვითარდეს, მნიშვნელოვანია, მთავრობა დაეხმაროს გლეხებს, რათა აწარმოონ მეტი რაოდენობის და მაღალი ხარისხის ნედლეული, რაც შექმნის პროდუქტის შესყიდვის და მისი გადამუშავების მეტ შესაძლებლობას. ამისთვის, როგორც ექსპორტიორი აღნიშნავს, სესხებზე ხელმისაწვდომობა როგორმე უნდა გამარტივდეს, რადგან შექმნილ სიტუაციაში ბიზნესს სხვა ვერაფერი გადაარჩენს.

ცნობისთვის, 2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან, 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით (50%) გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system