თავში

ეროვნული ბანკი კონკურენციის წესების პროექტებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი კონკურენციის წესების პროექტებს აქვეყნებს
ეროვნული ბანკი კონკურენციის წესების პროექტებს აქვეყნებს

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების კუთხით, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები დაზუსტდა. ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკს, სხვა მარეგულირებელი ორგანოების მსგავსად, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის კონკურენციის პოლიტიკის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების ვალდებულება განესაზღვრა. კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის მიერ 2020 წელს ხელმოწერილ განზრახვათა წერილშიც.

კონკურენციის სტანდარტებზე მუშაობის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და მისი განხილვის შესახებ წესის" პროექტიშეიმუშავა. დოკუმენტის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სფეროში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება და შენარჩუნება. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტით დადგინდება როგორც ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები, შეფასების კრიტერიუმები და პარამეტრები, ასევე კონცენტრაციის (შერწყმის) თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურები. წესი „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონს, კონკურენციის სააგენტოს მეორად კანონმდებლობასა და ამ მიმართულებით არსებულ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებს, მათ შორის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტებს დაეფუძნა.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა "კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრისა და განცხადების მიღებისა და განხილვის წესის" პროექტიცმოამზადა, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ საქმის მოკვლევის, კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრისა და განცხადების განხილვის წესებსა და პროცედურებს დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციასთან დაკავშირებული წესების მომზადების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები უწევენ. მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ასევე, კონკურენციის განხორციელებისა და ხელშეწყობის პოლიტიკის მიმართულებით შემდგომი ფაზის სამუშაოებიც არის დაგეგმილი.

ორივე კანონქვემდებარე აქტის პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 26 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system