თავში

ფაროსანას შემდეგ სოფლის მეურნეობას ახალი მტერი "დროსოფილა სუზუკი“ გამოუჩნდა

ფაროსანას შემდეგ სოფლის მეურნეობას ახალი მტერი
ფაროსანას შემდეგ სოფლის მეურნეობას ახალი მტერი დროსოფილა სუზუკი“ გამოუჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო შეხვედრა, რომელსაც აშშ-იდან მოწვეული წამყვანი ენტომოლოგები და ქართველი მეცნიერები ესწრებოდნენ. ამის შესახებ report.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

კონფერენციაზე დისკუსიის ფორმატში განიხილეს მცენარეთა მავნებლების, მათ შორის „დროსოფილა სუზუკის“ (Drosophila suzuki) ბიოლოგია, ბრძოლის მეთოდები და პრევენციული ღონისძიებები. აღნიშნული მავნებელი მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და დიდ საფრთხეს უქმნის კენკროვან, ხეხილოვან, ვაზისა და სხვა კულტურებს. მავნებლის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს, რაც მუდმივ დაკვირვებას, კონტროლის მექანიზმებს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

დღეს არსებული კლიმატური და გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო სექტორი პერიოდულად ახალი გამოწვევების წინაშე დგება. სხვადასხვა ქვეყანაში მცენარეთა ახალი მავნებლების გავრცელება აღინიშნება. ამის ნათელი მაგალითია აზიური ფაროსანა. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა და პრევენცია. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ შემთხვევაში, მავნებელ „დროსოფილა სუზუკთან“ ბრძოლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ მსოფლიოს იმ წამყვანი მეცნიერებისაგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და, მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები ქართული რეალობის გათვალისწინებით დავგეგმოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მავნებლის ინვაზია,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

Trece Inc-ის პრეზიდენტის ბილ ლინგრენის შეფასებით, საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება და ჩამოყალიბებული სისტემური მიდგომა სხვა მავნებლებთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება, ფანტასტიკური, სასწაულებრივიც კი გამოდგა. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შესამცირებლად სააგენტომ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია, ეს არის წარმატების ისტორია, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან ბრძოლის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი. რაც შეეხება ამ კონფერენციის მთავარ საკითხს, როდესაც ქვეყანაში ახალი მავნებელი შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი მეცნიერების დახმარება, რომლებიც გაგვარკვევენ მავნებლის ბიოლოგიაში და შემდეგ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ თავიდანვე ნულამდე შეამცირონ „დროსოფილა სუზუკის“ გავრცელების საფრთხე“, - განაცხადა ბილ ლინგრენმა.

როგორც report.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, აშშ-იდან სპეციალურად მოწვეულმა სოფლის მეურნეობის დოქტორმა, დანელე კირკპატრიკმა გამართა სემინარი, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system