თავში

ფეიხოაზე მოთხოვნა გაიზარდა

ფეიხოაზე მოთხოვნა გაიზარდა
ფეიხოაზე მოთხოვნა გაიზარდა

ფერმერების ინფორმაციით, ფეიხოაზე მოთხოვნა მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში ფეიხოას მოსავლიანობას არ უჩივიან, ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ნაკლები პროდუქტი მიიღეს, რაც უამინდობამ განაპირობა. გარდა ამისა, გაზრდილია ფასი, თუკი შარშან 1 კგ. ფეიხოას ფასი 1,50-3 ლარამდე მერყეობდა, წელს 3-4 ლარის ფარგლებშია. 

ფერმერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფეიხო შეიძლება მომგებიანი ბიზნესად იქცეს, თუკი მაღალი ხარისხის ხილის წარმოებას შეძლებენ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემა და გადამამუშავებელი მეურნეობები, რაც პროდუქტის სწორად შენახვის საშუალებას იძლევა.

ფერმერები ერთ-ერთ სარფიან საქმედ ფეიხოას არყის წარმოებას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მაღალი ფასის გამო შესაძლებელია, წარმოება ამ მიმართულებით განვითარდეს, რის პოტენციალიც დასავლეთ საქართველოში დიდია.

წალენჯიხაში, სოფელ ობუჯში მცხოვრებმა ფერმერმა ვასო ქებურიამ წინა წელს 6 ტონამდე ფეიხოა მოიწია, წელს, 8 ტონამდეა. მისი თქმით, მოსავლიანობა ახალი ფართობების ხარჯზეა გაზრდილი, სინამდვილეში წინა წელს მოსავალი უფრო უხვი იყო.

,,წლევანდელი შემოდგომა ნაკლებად ნალექიანი იყო, რის გამოც ნაკლები მოსავალია. თუმცა ახალი ფართობებიდან პირველი მოსავალი მივიღე და ჯამში, მეტი პროდუქტის მიღება მოვახერხე. მნიშვნელოვანია, რომ ფეიხოას ნაყოფი 2-3 კვირის განმავლობაში სამაცივრე პირობებში განთავსდეს, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მაქვს, ამიტომ მოსავალი ან უნდა გავყიდო ან არაყი გამოვხადო, რაც საკმაოდ ხელსაყრელია. 1 ლიტრი ფეიხოას არაყი საშუალოდ 18-20 ლარი ღირს, ამ საქმისგან დიდი მოგება შემიძლია მივიღო. სოფელში გადამყიდველები უკვე გამოჩნდნენ, რომლებიც მოსახლეობისგან ყიდულობენ პროდუქტს და შემდეგ ექსპორტზე გააქვთ. მთელ სოფელში ყოველ მეორეს ფეიხოა აქვს გაშენებული,  8 წელია საჭირო, რომ ხემ ნაყოფი მოგცეს. ამინდის მიმართ მგრძნობიარე ხილია, ამიტომ განსაკურებული მოვლა სჭირდება. მოთხოვნა მუდმივად მატულობს, ამიტომ წარმოების ზრდას ვგეგმავ, თხილთან ერთად, რეგიონში ფეიხოა ერთ-ერთი მთავარი ძირითადი მოსავალია, რომლის მიმართაც ხალხი  ინტერესს იჩენს, წარმოებას ამ მიმართულებით განვითარება ძალიან ხელსაყრელია და დიდი მოგების მოტანა შეუძლია", - ამბობს წალენჯიხელი ფერმერი report.ge-თან.

ფეიხოას კარგი მოსავალია ოკუპირებულ აფხაზეთშიც, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქედან უმნიშვნელო მოგება აქვთ, რადგან პროდუქტი საზღვარზე ვერ გადააქვთ, ხოლო აფხაზი გადამყიდველები იაფად შეძენილ ქართულ ხილს რუსულ ბაზრებზე მაღალი მოგებით ჰყიდიან.

რაც შეეხება ფეიხოას წარმოებას საქართველოში, ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემით, 2019 წელს ფეიხოას მოსავალმა 1,5 ათასი ტონა შეადგინა, აქედან 362 ტონა ექსპორტირებულია, რაც მთლიანი წარმოების დაახლოებით, 24% -ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system