თავში

ფერმერულ მეურნეობებს ტურისტულ პროდუქტადაც მოიაზრებენ

ფერმერულ მეურნეობებს ტურისტულ პროდუქტადაც მოიაზრებენ
ფერმერულ მეურნეობებს ტურისტულ პროდუქტადაც მოიაზრებენ

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფერმერული მეურნეობის განვითარება პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმს განვითარების დიდ შესაძლებლობას მისცემს. ამ მიმართულებით შეიძლება ათვისებულ იქნას ფაქტობრივად ყველა სახის პროდუქცია, ხილ-ბოსტნეული დაწყებული, მრეწველობის სხვადასხვა სფეროც, როგორიცაა თამბაქოს წარმოება, რის პოტენციალიც განსაკუთრებით მთიანი აჭარაა. ამით, როგორც ტურისტული მეურნეობა „ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე report.ge-თან ამბობს, გაიზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ და შეიძლება ტურისტების მოზიდვის საუკეთესო შესაძლებლობად იქცეს. 

ბოლქვაძე ფიქრობს, რომ მთიანი აჭარისთვის ამ მხრივ საუკეთესო შესაძლებლობაა თამბაქოს წარმოება, რაც შეიძლება უფრო მეტადაც განვითარდეს და ყურადღება მიიქციოს

,,აგროტურიზმის პოტენციალი საქართველოსთვის ამოუწურავია და მასზე აქცენტის გაკეთება დარგს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დიდ მოგებას მოუტანს. წლების წინ საზღვაო ტურიზმიც კი ნაკლებად იყო განვითარებული, მაგრამ საინფორმაციო კამპანია მაინც მიმდინარეობდა. ეს აუცილებელი იყო, რომ საქართველო გაეცნო მსოფლიოს. აი, ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვე, რომ აჭარაზე მომზადებულ ვიდეორგოლში სულ მცირე ადგილი აგრო ტურიზმისთვის დაეთმოთ. მარტო გობრონეთს კი არა, საქართველოს ყველა სოფელს აქვს პოტენციალი, ამოუწურავი პერსპექტივა აგრო და ეკო ტურიზმში, რითაც ყველა თაობის ადამიანს დააინტერესებს. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი პირველი მერცხალი აჭარაში, მე ვიყავი ის, ვინც სოფლის ტურიზმს დაუდო საფუძველი. ძალიან ბევრი დაბრკოლება დამხვდა, მაგრამ მქონდა მოტივაცია, შესაბამისად, მაქვს შედეგიც. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, იმ დროიდან მოყოლებული სულ ვფიქრობდი, რომ რა შეიძლება შევთავაზო ტურისტებს ისეთი, რაც მათ მიიზიდავს და მასში განსხვავებულს დაინახავენ, ეს ხომ მათ ძალიან მოსწონთ. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შეიქმნას, დაიხვეწოს და განვითარდეს ფერმერული მეურნეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი. ამ მხრივ ცემს რეგიონში დიდი პოტენციალი აქვს თამბაქოს წარმოებას. კარგი იქნება, რომ მოეწყოს ტური - თამბაქოს მოყვანის, მოვლის, მოსავლის აღებისა და დაგემოვნების შესახებ. თამბაქოს დათესვა, ჩითილის გამოყვანა, გადარგვა, გათოხნვა, მოსავლის აღება, გაშრობა, დაჭრა და ა.შ - ეს პროცესები ტურისტს გაუღმავებს ინტერესს, და შესაბამისად, ბევრად მეტი ვიზიტორი გვეყოლება“ -  ამბობს ზებურ ბოლქვაძე.

ამდენად, ფერმერული მეურნეობის ტურისტულ პროდუქტად ქცევა სავსებით შესაძლებელია, რაც სპეციალისტების შეფასებით, მიიღწევა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით.   პროფესორი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ასე თანდათან აგრო ტურიზმი ყველაზე მარტივად აღიდგენს ძალებს და მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს.  

,,აგრო ტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. არანორმალური სამუშაო რიტმით გადაღლილი ადამიანებისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, გაეცნონ სოფლის ცხოვრებას, ცოტა ხნით მოშორდნენ ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით მოიკრიბონ ძალები, რაც მათ ქალაქში ცხოვრების გასაგრძელებლად სჭირდებათ.  დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი, სადაც ეპიდემიის რისკი სადაც ნაკლებია, ასეთი კი გლეხის ოჯახში დასვენებაა. ამ შემთხვევაში ტურისტი 100%-იანი გარანტირებულია, რომ რისკი არ მოელის, როგორიც შეიძლება დიდ ქალაქში არსებობდეს. პატარა საოჯახო სასტუმროების როლი გაძლიერდება, მაგრამ კარგი პროდუქტის შეთავაზებით. ამისთვის საინტერესო უნდა იყოს სოფელში ცხოვრება: სამზარეულო, ცხენზე ჯირითი, საბავშვო პროგრამები და სხვა, რაც ყველა კატეგორიის დამსვენებელზე იქნება მორგებული და ინტერესს გამოიწვევს", - განმარტავს კვარაცხელია report.ge-თან.

მისი თქმით, ტურიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანია მასობრივი ტურები არსებობდეს და მსხვილ სასტუმროებზე მოთხოვნა გაიზარდოს.

ცნობისთვის, აჭარაში მთების, ტყეების, ხეობებისა და სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა იგეგმება. სკურდა, ღომა, ნაკონაღვარი და კიკიბო იმ მთებს შორისაა, სადაც კვლევებზე დაყრდნობით ახალი, გარდამავალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება და მარკირება მოხდება. ამის შესახებ report.ge-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system